პრემიერი: მჯერა, რომ დეკემბერში საბოლოოდ გაფორმდება დღევანდელი ისტორიული გადაწყვეტილება, მივიღებთ კანდიდატის სტატუსს

„ეს არის ისტორიული გადაწყვეტილება ევროკომისიის. მე მინდა პირველ რიგში, მადლობა გადავუხადო ევროკომისიის პრეზიდენტს, ქალბატონ ურსულა ფონ დერ ლაიენს. განსაკუთრებული მადლობა მინდა გადავუხადო ასევე ევროკომისარ ოლივერ ვარჰეის, რომელიც არის ჩვენი ქვეყნის დიდი მეგობარი,“ - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.


მისი შეფასებით, “დღევანდელი დღე არის ერთგვარი დამაგვირგვინებელი და შემაჯამებელი ჩვენი 11 წლიანი საქმიანობისა, რომელმაც მოიტანა მშვიდობა, სტაბილურობა, ის დიდი ტრანსფორმაცია და ცვლილება, ევროპეიზაციის 10 წელი.“

„ჩემთვის დიდი პატივია, მოგილოცოთ დღევანდელი ისტორიული გადაწყვეტილება. ევროკომისია დადებითად აფასებს მიღწეულ შედეგს და ევროპულ საბჭოს აძლევს რეკომენდაციას, საქართველოს მიენიჭოს კანდიდატის სტატუსი. ეს რა თქმა უნდა, არის ისტორიული დღე. ეს არის ისტორიული გადაწყვეტილება ევროკომისიის. მე მინდა პირველ რიგში, მადლობა გადავუხადო ევროკომისიის პრეზიდენტს, ქალბატონ ურსულა ფონ დერ ლაიენს. განსაკუთრებული მადლობა მინდა გადავუხადო ასევე ევროკომისარ ოლივერ ვარჰეის, რომელიც არის ჩვენი ქვეყნის დიდი მეგობარი,“ - განაცხადა პრემიერმა.


მისივე თქმით, მიუხედავად უამრავი დაბრკოლებისა, წინააღმდეგობისა, საბოტაჟისა, თუ პროვოკაციებისა, დღეს ჩვენმა ქვეყანამ, ხალხმა, სიმართლემ გაიმარჯვა.

როგორც პრემიერი აღნიშნავს, ხელისუფლება ევროპელ კოლეგებთან მუდმივ დიალოგსა და მჭიდრო კოორდინაციას გააგრძელებს.

„მიუხედავად უამრავი დაბრკოლებისა, უამრავი წინააღმდეგობისა, საბოტაჟისა თუ პროვოკაციებისა და არაერთი დესტრუქციული ქმედებებისა, შიდა თუ გარე მტრების ერთობლივი, კოორდინირებული მოქმედებებისა, ჩვენ გავიმარჯვეთ. ჩვენმა ქვეყანამ გაიმარჯვა დღეს, ჩვენმა ხალხმა გაიმარჯვა დღეს. გაიმარჯვა სიმართლემ და კიდევ ერთხელ, მე გულითადად გილოცავთ ყველას დღევანდელ აღიარებას.

თქვენ გახსოვთ, შარშან საკმაოდ გულდაწყვეტილი ვიყავით, ვინაიდან, საქართველომ ვერ მიიღო მაშინ კანდიდატის სტატუსი. ეს იყო ჩვენთვის ერთგვარი დამაბრკოლებელი და გულდასაწყვეტი ფაქტი, თუმცა დღეს შეიძლება ითქვას, რომ ამაყად შეგვიძლია ვთქვათ, რომ მივიღეთ დამსახურებულად დღევანდელი დღე. მე მჯერა, რომ დეკემბერში საბოლოოდ გაფორმდება დღევანდელი გადაწყვეტილება, მივიღებთ კანდიდატის სტატუსს. შეიძლება ითქვას, რომ სხვა რეალობაში აღმოჩნდება ჩვენი ქვეყანა. ეს არის უდავოდ ძალიან ძლიერი წინ გადადგმული ნაბიჯი ევროინტეგრაციის გზაზე,“ - განაცხადა ღარიბაშვილმა.