ევროკომისიამ საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭების რეკომენდაცია გასცა

ევროკომისიამ საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის დამატებითი მინიჭების რეკომენდაცია გასცა იმ დათქმით, რომ ქვეყანა გარკვეულ რეფორმებს განახორციელებს.

შესაბამისი გადაწყვეტილება ბრიუსელში გამართულ პრესკონფერენციაზე ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა და გაფართოებისა და სამეზობლო პოლიტიკის საკითხებში ევროკომისარმა, ოლივერ ვარჰეიმ გამოაცხადეს.

2023 წლის ,,გაფართოების პაკეტში,“ რომელიც 10 ქვეყანას მოიცავს, საქართველოს შესახებ ანგარიში პირველად ქვეყნდება.


„საბჭომ მიიღო გაფართოების ანგარიში. 10 წელი გავიდა მას შემდეგ, რაც მაიდანის პროტესტები დაიწყო, მაიდანის პროტესტი ისეთი ადგილი იყო, სადაც ადამიანები დახვრიტეს იმიტომ, რომ გაეხვივნენ ევროპულ დროშებში და 10 წლის შემდეგ დღეს ისტორიული დღეა, რადგან დღეს კომისია იძლევა რეკომენდაციას, რომ საბჭომ დაიწყოს მიერთების მოლაპარაკებები. კომისია, ასევე, გაწევრიანების მოლაპარაკების რეკომენდაციას იძლევა ბოსნია-ჰერცეგოვინასთან მას შემდეგ, რაც მიღწეულ იქნება წევრობის კრიტერიუმთან შესაბამისობა და რეკომენდაციას ასევე კომისიის მხრიდან, რომ საქართველოს მიენიჭოს კანდიდატის სტატუსი, იმ თვალსაზრისით, რომ უნდა განხორციელდეს ზოგიერთი რეფორმა. ამ 4 ქვეყანაზე მოვახდენთ ფოკუსირებას, პირველ რიგში კი უკრაინაზე," - აღნიშნა ევროკომისიის პრეზიდენტმა.


ევროკომისია უკრაინასთან და მოლდოვასთან, ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების დაწყებას რეკომენდაციას უწევს იმ პირობებით, რომ ქვეყნები კანონის უზენაესობის დაცვასთან დაკავშირებულ რეფორმებს გაატარებენ.

ამ დასკვნის შემდეგ, 2023 წლის ბოლომდე, საქართველოსა და სხვა ქვეყნების პროგრესს უკვე ევროპული საბჭოს ლიდერები შეაფასებენ და საბოლოო გადაწყვეტილებას სწორედ ისინი მიიღებენ.


ცნობისთვის, გასული წლის 28 თებერვალს, ევროკავშირის წევრობაზე დაჩქარებული წესით განაცხადი უკრაინამ ომის ფონზე გააკეთა.

ამის შემდეგ, ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მისაღებად განაცხადის დაჩქარებული წესით გაკეთების გადაწყვეტილება საქართველომაც მიიღო. 3 მარტს, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა შესაბამის დოკუმენტს ხელი მოაწერა. ევროკავშირში დაჩქარებული წესით გაწევრიანებაზე განაცხადი 3 მარტს მოლდოვამაც წარადგინა.


23 ივნისს, ევროკავშირის საბჭომ აღიარა საქართველოს ევროპული პერსპექტივა და განაცხადა, რომ მზად იყო, კანდიდატის სტატუსი მიენიჭებინა ქვეყნისთვის, როგორც კი დასახული პრიორიტეტები შესრულდებოდა. უკრაინას და მოლდოვას კი, კანდიდატის სტატუსი მიენიჭა.