„მოგმართავთ თქვენ - ევროპის ლიდერებს - დეკემბრის ისტორიულ გადაწყვეტილებამდე. გვსურს მოგაწვდინოთ ჩვენი, ხალხის ერთობლივი ხმა და დაგანახოთ ჩვენი ერთობლივი სულისკვეთება,“ - საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ორბელიანების სასახლის წინ მოწყობილი სცენიდან ევროპელი ლიდერებისთვის გასაგზავნად, მიმართვაზე ხელმოწერის ინიციატივით გამოვიდა. ზურაბიშვილმა პირველმა მოაწერა ხელი წერილს, რომელიც კამპანიის - „ჩვენი ხმა ევროპას“ - მთავარი შემადგენელი ნაწილია. 9 ნოემბრიდან ყველას ექნება საშუალება ორბელიანების სასახლეში მიმართვას ხელი მოაწეროს. მსურველები ასევე ონლაინ შეძლებენ ხელმოწერას.
სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ დეკემბერში საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებაზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე, საჭიროა, ევროპელი ლიდერებისთვის ხმის მიწვდენა.
„კამპანია, რომელიც ჩემზე კი არა, ჩვენზეა დამოკიდებული, მთელ ქვეყანაზე. უნდა იყოს გაშლილი ქვეყნის შიგნით და ასევე გარეთ, რათა ყველამ შეძლოს მოაწეროს ხელი. ყველანაირი ინიციატივა მისაღებია,“ - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.