რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი ოფიციალური ვიზიტით ასტანაში ჩავიდა. ის ყასიმ-ჟომართ თოყაევთან მოლაპარაკებებს გამართავს და მასთან ერთად რეგიონთაშორისი თანამშრომლობის ფორუმში მიიღებს მონაწილეობას.
რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა დიმიტრი პესკოვმა განაცხადა, რომ პუტინი ორმხრივ ურთიერთობებს, ასევე რეგიონულ და საერთაშორისო საკითხებს განიხილავენ.
პესკოვის ინფორმაციით, თავდაპირველად პუტინი და თოყაევი საუბარს შეზღუდულ ფორმატში გამართავენ, რასაც „რუსულ-ყაზახური დეტალური მოლაპარაკებები“ მოჰყვება. შეხვედრის შემდეგ ხელი მოეწერება დოკუმენტებს და პრეზიდენტები მედიისთვის ერთობლივ განცხადებას გააკეთებენ.
გარდა ამისა, პუტინი და თოყაევი ვიდეობმულის საშუალებით მონაწილეობას მიიღებენ რუსეთსა და ყაზახეთს შორის რეგიონთაშორისი თანამშრომლობის XIX ფორუმის პლენარულ შეხვედრაში, რომელიც კოსტანაიში გაიმართება. ნოემბრის დასაწყისში ყაზახეთს საფრანგეთის პრეზიდენტი, ემანუელ მაკრონი ეწვია, ვიზიტს თოყაევმა ისტორიული უწოდა.
უკრაინაში რუსეთის ფართომასშტაბიანი შეჭრის გამო, ყახაზეთს კრემლის მიმართ მხარდაჭერა არ გამოუხატავს, პრეზიდენტმა თოყაევმა კი განაცხადა, რომ საერთაშორისო სანქციებს დაიცავენ.
ყაზახეთი და რუსეთი კიდევ რამდენიმე ქვეყანასთან ერთად არიან დსთ-ს, კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის და შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაციის წევრები.