ევროპარლამენტარი ანა ფოტიგა საოკუპაციო ძალების მიერ თამაზ გინტურის მკვლელობისა და ლევან დოთიაშვილის გატაცების თაობაზე რეზოლუციის მიღების ინიციატივით გამოვიდა.
შესაბამისი ინიციატივა მან ევროპარლამენტის სხდომაზე წარადგინა.
„6 ნოემბერს საქართველოს 2 მოქალაქე, თამაზ გინტური და ლევან დოთიაშვილი საოკუპაციო ხაზის მახლობლად მდებარე ეკლესიაში მივიდნენ. მათ ასევე სურდათ იქვე მდებარე სასაფლაოს მონახულება, მათ ამ დროს რუსი ოკუპანტები დაესხნენ თავს. თამაზ გინტური მოკლეს, ლევან დოთიაშვილი კი გაიტაცეს და დაკავებული ჰყავთ ოკუპირებულ ტერიტორიაზე. მინდა მოვითხოვო დებატები ამ საკითხზე და რეზოლუციის მიღება," - განაცხადა ევროპარლამენტარმა.
ანა ფოტიგამ X-ზე (ყოფილი Twitter) განმარტა, რომ ევროკომისია აღნიშნულ რეზოლუციას კენჭს ნოემბრის სესიაზე უყრის.
ცნობისთვის, კირბალის მიმდებარედ, რუსეთის საოკუპაციო ძალებმა საქართველოს მოქალაქე თამაზ გინტური მოკლეს, ერთი მოქალაქე გაიტაცეს. მისი გადმოცემის საკითხზე ირაკლი ანთაძე აღნიშნავს: „რუსეთის საოკუპაციო ძალების რაობიდან გამომდინარე, შესაძლოა, გადმოცემის პროცესი გარკვეული დროით გაგრძელდეს. მე ვუშვებ ამის ალბათობას, ამას არ ვამტკიცებ."
შეგახსენებთ, 6 ნოემბერს, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ “სოფელ კირბალის მიმდებარედ, რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ ცეცხლსასროლი იარაღით სროლის შედეგად, საქართველოს მოქალაქე გარდაიცვალა.“ განცხადებები გაავრცელებს პრეზიდენტმა და პრემიერ-მინისტრმა.
შსს-მ საქართველოს მოქალაქის მკვლელობის და ერთი პირის გატაცების ფაქტებთან დაკავშირებით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე და 143-ე მუხლებით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობას და თავისუფლების უკანონო აღკვეთას გულისხმობს. ერგნეთში ქართული მხარის მოთხოვნით, შეხვედრა გაიმართა.
ევროკავშირის მონიტორინგის მისია, სოფელ კირბალთან სროლის ფაქტს ადასტურებს და „უკიდურეს შეშფოთებას“ გამოთქვამს. მისია აცხადებს, რომ „რეგიონში მშვიდობისა და უსაფრთხოების შესანარჩუნებლად აუცილებელია მსგავსი ინციდენტების აღკვეთა.“