ელჩმა დანიგანმა და ფინანსთა მინისტრმა საერთაშორისო სანქციების აღსრულების საკითხები განიხილეს

ამერიკის ელჩი, რობინ დანიგანი ფინასთა მინისტრ, ლაშა ხუციშვილს შეხვდა. მხარეებმა სანქციების აღსრულების მექანიზმებზე ისაუბრეს.

ამერიკის საელჩოს ცნობით, აშშ მადლობას უხდის საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მის მიერ გაწეული რთული სამუშაოსთვოს, რათა თავიდან აიცილოს შატტებისა და ევროკავშირის მიერ სანქცირებული პროდუქციის რუსეთის ხელში ჩავარდნა. ამასთან, საელჩო აღნიშნავს, რომ ელჩი დანიგანი მოუთმენლად ელის საქართველოსთან ძლიერი თანამშრომლობის გაგრძელებას.

თავის მხრივ, ფინანსთა სამინისტროს ინფორმაციით, მხარეებმა საქართველოსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის ორმხრივი ურთიერთობების საკითხები განიხილეს. საუბარი შეეხო ფინანსთა სამინისტროს ფისკალური სამსახურების შესაძლებლობების გაძლიერების მიმართულებით ამერიკის შეერთებული შტატების მიერ გაწეულ მხარდაჭერას.


ასევე, მინისტრმა ელჩს გააცნო საერთაშორისო სანქციების აღსრულების მიზნით საქართველოს ფინანსთა სამინისტროსა და შემოსავლების სამსახურის მიერ გადადგმული ნაბიჯები, არსებული პროცესები და ამ მიმართულებით პარტნიორებთან კოორდინაციის მექანიზმები.

ელჩის მხრიდან დადებითად შეფასდა საქართველოს მიერ საერთაშორისო სანქციების აღსრულების მიზნით შემუშავებული მექანიზმები და არსებული თანამშრომლობა. შეხვედრის დასასრულს, მხარეები მჭიდრო თანამშრომლობის გაგრძელებაზე შეთანხმდნენ.

შეგახსენებთ, დასავლეთმა რუსეთს სანქციები მას შემდეგ დაუწესა, რაც რუსეთის ძალები გასული წლის 24 თებერვალს უკრაინაში შეიჭრნენ.