პატრიარქი ისრაელის ელჩთან შეხვედრაზე: „ჩვენი ეკლესია ლოცულობს მშვიდობისა და მძევალთა გათავისუფლებისათვის“

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II, საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტი შიო (მუჯირი), ახალციხისა და ტაო-კლარჯეთის მიტროპოლიტი თეოდორე და პროტოპრესვიტერი გიორგი ზვიადაძე საქართველოში ისრაელის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, ჰადას მეიცადს და მის თანმხლებ პირებს შეხვდნენ.  

საპატრიარქოს ცნობით, შეხვედრა ელჩის ინიციატივით გაიმართა.


 „საუბრისას ხაზი გაესვა ჩვენს ხალხებს შორის საუკუნეთა განმავლობაში არსებულ ძმურ ურთიერთობას. ამასთან, ჰადას მეიცადმა დამსწრეთ ახლო აღმოსავლეთში არსებული ვითარება გააცნო და დაწვრილებით ისაუბრა 7 ოქტომბრის ტერორისტული თავდასხმისა და განვითარებული მოვლენების შესახებ.

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა მწუხარება გამოთქვა ისრაელში გარდაცვლილთა და გატაცებულთა გამო, სამძიმარი გამოუცხადა დაზარალებულთა ოჯახებს და დასძინა, რომ ჩვენი ეკლესია ლოცულობს მშვიდობისა და მძევალთა გათავისუფლებისათვის.

ისრაელის ელჩმა ჰადას მეიცადმა მის უწმინდესობას მიღებისთვის მადლობა გადაუხადა  და პატივისცემა გამოხატა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქისა და ჩვენი ეკლესიისადმი,“ წერია გავრცელებულ ინფორმაციაში.

ასევე გაეცანით: ომი უკრაინასა და ღაზის სექტორში - რა წერია სინოდის განჩინებაში