საქართველოში ვიზიტის ფარგლებში NATO-ს სამხედრო კომიტეტმა საქართველოსთან თანამშრომლობის ფორმატში სამხედრო კომიტეტის პლენარული სხდომა გამართა. თავდაცვის სამინისტროს ოფიციალური ინფორმაციით, სხდომის ფარგლებში, NATO-ს სამხედრო კომიტეტის წარმომადგენლებმა დეტალური ინფორმაცია მიიღეს რეგიონში არსებულ უსაფრთხოების გარემოსა და ქვეყნის წინაშე არსებულ გამოწვევებზე. ერთობლივ სხდომაზე ალიანსთან თანამშრომლობის ძირითადი მიმართულებები განიხილეს. ყურადღება გამახვილდა ალიანსთან NATO-საქართველოს არსებითი პაკეტის განხორციელების პროცესზე.
ქართულმა მხარემ NATO-ს სამხედრო კომიტეტის წევრებს განახლებული ინფორმაცია მიაწოდა საქართველოს თავდაცვის ტრანსფორმაციასა და მიღწეულ პროგრესზე.
თავდაცვის სამინისტროს შეფასებით, ის რომ, სამხედრო კომიტეტი საქართველოში მეხუთედ იმყოფება, კიდევ ერთხელ ადასტურებს ალიანსის მტკიცე მხარდაჭერას საქართველოს მიმართ და ხაზს უსვამს NATO-სთან სამხედრო თანამშრომლობის მნიშვნელობას.
NATO-ს სამხედრო კომიტეტი საქართველოში ბოლოს 2021 წელს იმყოფებოდა, ბოლო შეხვედრა კი, მაისში ალაინსის შტაბ-ბინაში შედგა, ახლანდელი ვიზიტის მიზნები NATO-ს სამხედრო კომიტეტის თავმჯდომარემ, ადმირალმა რობ ბაუერმა განმარტა და თბილისში ჩამოსვლასა და აქ შეხვედრის გამართვაზე გაამახვილა ყურადღება, რაც NATO-ს უფროსი სამხედრო ოფიცრის შეფასებით, მკაფიო სიგნალს აგზავნის: „NATO-ს პარტნიორობა საქართველოსთან, ჩვენთვის მნიშვნელოვანია.“
რაც შეეხება სამხედრო კომიტეტის სხდომაზე განხილულ საკითხებს, ბაუერის თქმით, ისაუბრეს საქართველოსა და მის ფარგლებს გარეთ არსებულ უსაფრთხოების გარემოზე - შეხვედრის ფოკუსში მოექცა შავი ზღვის რეგიონი.
- „მოვისმინეთ თავდაცვის რეფორმებისა და საქართველოს თავდაცვის ძალების ტრანსფორმაციისკუთხით მიღწეული პროგრესი. განვიხილეთ NATO-ს თანამშრომლობა NATO-საქართველოს არსებითი პაკეტის ფარგლებში. მზად ვართ, ერთად ვიმუშაოთ საქართველოს ამბიციური რეფორმების პროგრამის მხარდასაჭერად,“ - აღნიშნა ადმირალმა ბაუერმა, NATO-ს სამხედრო კომიტეტის 33-ე თავმჯდომარემ.
სამხედრო კომიტეტის პლენარულ სხდომაზე გამოსვლისას თავდაცვის მინისტრმა ალიანსთან ურთიერთობის გაძლიერების მნიშვნელობას გაუსვა ხაზი. ჯუანშერ ბურჭულაძემ ხაზი გაუსვა, რომ საქართველოს კარგად ესმის, რას ნიშნავს NATO-სთან თავსებადობა: “ეს ერთ–ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხია, სადაც ჩვენ, ასე ვთქვათ, წითელ ხაზსაც კი ვავლებთ,“ აღნიშნა მინისტრმა.
- „როგორც იცით, ჩვენი ტერიტორიების 20% ოკუპირებულია რუსეთის მიერ. ბოლო სამი ათეული წლის განმავლობაში ჩვენმა ქვეყანამ ოთხი ომი გამოიარა, მათ შორის ომი აფხაზეთში, რომელიც 13 თვეზე მეტხანს გაგრძელდა, ამ სასტიკი ომების შედეგად კი, საქართველოს 20% რუსეთის მიერ ოკუპირებულია.
როგორც ადმირალმა აღნიშნა, დიახ ჩვენ ერთად ვართ, ერთად ვიყავით ავღანეთში, სადაც ჩვენი სამხედროები ერთმანეთის მხარდამხარ იბრძოდნენ. ჩვენ იქ დიდი დანაკარგი განვიცადეთ, დაგვეღუპა 32 სამხედრო მოსამსახურე, გვყავს ასობით დაჭრილი და დაშავებული სამხედრო, მაგრამ კარგად გვესმის, რა ფასი აქვს, იყო უსაფრთხოების ქოლგის ქვეშ და იყო ცივილიზაციის წევრი.
როგორც აღვნიშნე, რეგიონში არსებული გამოწვევების მიუხედავად, წელს ჩვენ 27 სწავლებას ვუმასპინძლეთ. მათ შორის 7 საერთაშორისო სწავლებას – დაწყებული NATO–საქართველოს სწავლებით მარტში, შემდეგ იყო „მტკიცე სული.“
- ჩვენ ვაფასებთ, ვიცით, რა მნიშვნელობა აქვს ერთად ყოფნას, ურთიერთთავსებადობას. ეს ერთ–ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხია, სადაც ჩვენ, ასე ვთქვათ, წითელ ხაზსაც კი ვავლებთ.“
რა თქმა უნდა, ჩვენ გავაგრძელებთ რეფორმების გატარებას, რათა გავზარდოთ თავდაცვისუნარიანობის, მდგრადობისა და შეკავების შესაძლებლობები. გავაგრძელებთ რეფორმებს, რათა გავზარდოთ თავდაცვისუნარიანობა, მდგრადობა და შეკავების შესაძლებლობები.
მთავარი ისტორიული, ინსტიტუციური რეფორმაა თავდაცვის კოდექსის მიღება, რომლის პროექტიც ჩვენ წელს შევიტანეთ პარლამენტში განსახილველად და უკვე მივიღეთ, რომელიც მომავალში თავდაცვის სფეროში მთავარი ინსტიტუციური მარეგულირებელია,“ - განაცხადა ჯუანშერ ბურჭულაძემ.
NATO-ს სამხედრო კომიტეტის ვიზიტის ფარგლებში რობ ბაუერი თავდაცვის მინისტრს და პარლამენტის თავმჯდომარეს შეხვდა. კომიტეტის წევრები „კრწანისშიც“ იმყოფებოდნენ, სადაც ისინი უწყებათშორისი სამეთაურო საშტაბო სწავლება „დიდგორი 2023“-ის მიმდინარეობას გაეცნენ.
ინფორმაციისთვის, შავი ზღვის რეგიონი მოიცავს NATO-ს სამ წევრს. უკრაინა და საქართველო კი, ალიანსის ახლო პარტნიორები არიან. აშშ შავი ზღვის რეგიონის მიმართ სტრატეგიის შემუშავების ეტაპზეა. NATO კი, რუსეთის მიერ წარმოებული ომის ფონზე, შავი ზღვის თავზე დაზვერვას აძლიერებს, მათ შორის - საპატრულო თვითმფრინავებითა და დრონებით.
-
ასევე გაეცანით ინფორმაციას: NATO-საქართველოს ურთიერთობები
-
გაეცანით ინტერვიუს ალექსანდრ ვინიკოვთან: NATO საქართველოს თავდაცვის გაძლიერებისთვის ნაბიჯებს დგამს
-
სახელმწიფო დეპარტამენტმა შავი ზღვის რეგიონის მიმართ სტრატეგიის შესახებ ანგარიში კონგრესს წარუდგინა