უკანონო პატიმრობაში მყოფი ლევან დოთიაშვილი, რომელიც რუსეთის საოკუპაციო ძალის წარმომადგნელებმა უკანონოდ დააკავეს გორის მუნიციპალიტეტის სოფელ კირბალის მიმდებარედ, თამაზ გინტურის მკვლელობისას, თავისუფალია და ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე იმყოფება.
სუს-ის ცნობით, ლევან დოთიაშვილის დაუყოვნებელი და უპირობო გათავისუფლების საკითხი აქტიურად განიხილებოდა 6 ნოემბერს, გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ერგენთში გამართულ ტექნიკურ შეხვედრაზე, რომელშიც მონაწილეობდნენ რუსეთის საოკუპაციო ძალების, ოკუპირებული ცხინვალის რეგიონისა და ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლები.
„უკანონო დაკავებულის გათავისუფლების შესახებ კომუნიკაციისას, ასევე, ინტენსიურად გამოიყენებოდა როგორც „ცხელი ხაზის“ მექანიზმი, ისე ცენტრალური ხელისუფლების ხელთ არსებული ყველა სხვა ინსტრუმენტი. მოლაპარაკებებში აქტიურად იყვნენ ჩართული საერთაშორისო პარტნიორები.
ცენტრალური ხელისუფლება განაგრძობს აქტიურ მუშაობას თამაზ გინტურის მკვლელობაში მონაწილე პირების მიმართ მართლმსაჯულების აღსრულების მიზნით. მუშაობა, ასევე, მიმდინარეობს ოკუპირებულ ტერიტორიებზე უკანონო პატიმრობაში მყოფი საქართველოს ყველა მოქალაქის გასათავისუფლებლად,“ - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.
ცნობისთვის, კირბალის მიმდებარედ, რუსეთის საოკუპაციო ძალებმა საქართველოს მოქალაქე თამაზ გინტური მოკლეს, ერთი მოქალაქე გაიტაცეს.
შეგახსენებთ, 6 ნოემბერს, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ “სოფელ კირბალის მიმდებარედ, რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ ცეცხლსასროლი იარაღით სროლის შედეგად, საქართველოს მოქალაქე გარდაიცვალა.“ განცხადებები გაავრცელებს პრეზიდენტმა და პრემიერ-მინისტრმა.
შსს-მ საქართველოს მოქალაქის მკვლელობის და ერთი პირის გატაცების ფაქტებთან დაკავშირებით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე და 143-ე მუხლებით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობას და თავისუფლების უკანონო აღკვეთას გულისხმობს. ერგნეთში ქართული მხარის მოთხოვნით, შეხვედრა გაიმართა.
ევროკავშირის მონიტორინგის მისია, სოფელ კირბალთან სროლის ფაქტს ადასტურებს და „უკიდურეს შეშფოთებას“ გამოთქვამს. მისია აცხადებს, რომ „რეგიონში მშვიდობისა და უსაფრთხოების შესანარჩუნებლად აუცილებელია მსგავსი ინციდენტების აღკვეთა.“
განცხადება გაავრცელეს საერთაშორისო პარტნიორებმა. მკვლელობა დაგმეს ევროკავშირმა და აშშ-მ.