პრეზიდენტი: საქართველო ბანაკს არ იცვლის და ევროპისკენ იყურება

„ოკუპირებულ ზონაში საქართველოს კიდევ ერთი მოქალაქე მოკლეს რუსული ტყვიით და მეორე მოქალაქე გაიტაცეს, მიუხედავად ამისა, საქართველო ბანაკს არ იცვლის და ევროპისკენ იყურება, რადგან ვიცით, რომ ეს ჩვენი ერთადერთი მომავალია,“ ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა France 24-სთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.


„საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსზე უარის თქმა ქართველებისთვის უდიდესი იმედგაცრუება იქნებოდა, რადგან მათ აქვთ განცდა, რომ იმსახურებენ ევროპაში შესვლას მათი წარსულის, ღირებულებების, 30-წლიანი განვლილი გზის გამო. იმის გამო, რომ დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ ქართველებს მუდმივად სურდათ ევროპა და აცხადებდნენ ამას ოკუპაციის, 2008 წლის ომის, რუსეთის მხრიდან მრავალი ზეწოლის მიუხედავად.

გუშინწინ, ამ შესანიშნავი ამბის გამოქვეყნების წინა დღეს, ჩვენ ვგლოვობდით, რადგან ჩვენს ტერიტორიაზე, ოკუპირებულ ზონაში საქართველოს კიდევ ერთი მოქალაქე მოკლეს რუსული ტყვიით და მეორე მოქალაქე გაიტაცეს. საერთაშორისო მსოფლიოსთვის ეს ჩვეული რამაა, ჩვენ მუდმივად ამ რეჟიმში ვცხოვრობთ და მიუხედავად ამისა, საქართველო ბანაკს არ იცვლის და ევროპისკენ იყურება, რადგან ვიცით, რომ ეს ჩვენი ერთადერთი მომავალია,“ - განაცხადა ზურაბიშვილმა.