ბულგარეთის პარლამენტმა აშშ-სგან 1,5 მილიარდი დოლარის ღირებულების Stryker-ის ტიპის საბრძოლო მანქანების შესყიდვა დაამტკიცა

ბულგარეთის პარლამენტმა აშშ-სგან Stryker-ის ტიპის საბრძოლო მანქანების შესყიდვას მხარი დაუჭირა. 1,5 მილიარდი დოლარის მოცულობის პაკეტი ქვეყნის არმიის მოდერნიზაციისა და NATO-ს სტანდარტებთან შესაბამისობაში მოსაყვანად მიიღეს.


240-ადგილიან პარლამენტში 134-მა დეპუტატმა მხარი დაუჭირა 183 Stryker-ის სატრანსპორტო საშუალების შეძენის შეთანხმებას, რომელიც მთავრობამ სექტემბერში დაამტკიცა.

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა ბულგარეთისთვის Stryker-ის ტიპის საბრძოლო მანქანების პოტენციური მიყიდვა სექტემბერში დაამტკიცა.

თავდაცვის მინისტრმა, თოდორ თაგარეევმა ეროვნულ ასამბლეას განუცხადა, რომ ეს არის სერიოზული ნაბიჯი ბულგარეთის არმიის მოდერნიზაციისკენ.

2022 წლის თებერვალში რუსეთის მიერ უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომის დაწყების შემდეგ, ბულგარეთმა თანამედროვე შეიარაღებით აღჭურვა გადაწყვიტა.

შავი ზღვის აუზის წარმომადგენელ ბულგარეთს სტრატეგიული პოზიცია აქვს NATO-ს აღმოსავლეთ ფლანგზე. მან უკრაინას იარაღი და საბრძოლო მასალაც გაუგზავნა.