თეგი: Stryker

ბულგარეთი ამერიკულ საბრძოლო მანქანებს Stryker-ს შეიძენს

ქვეყნის სახმელეთო ჯარების მოდერნიზაციისა და NATO-ს სტანდარტებთან შესაბამისობაში მოყვანის მიზნით, ბულგარეთის მთავრობამ ამერიკული წარმოების Stryker-ის საბრძოლო მანქანების შეძენა დაამტკიცა. ამის შესახებ AP იტყობინება. ბულგარეთის მთავრობამ ეს გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა დაამტკიცა ბულგარეთში 183 Stryker-ის ავტომობილისა და მასთან დაკავშირებული აღჭურვილობის მიყიდვა, საერთო ჯამში 1,5 მილიარდ დოლარად. „პროექტის მიზანია, ბულგარეთმა მიაღწიოს NATO-ს მოკავშირეებთან თავსებადობას, ასევე, შეიძინოს და შეინარჩუნოს ქვეყნის თავდაცვის შესაძლებლობები დამოუკიდებლად, ერთობლივ ოპერაციებში და კოლექტიური თავდაცვის სისტემაში, ასევე მონაწილეობა მიიღოს მოკავშირე ოპერაციებში. ქვეყნის ფარგლებს გარეთ,“ - ნათქვამია ბულგარეთის მთავრობის განცხადებაში. ბულგარეთმა, რომელიც NATO-ს აღმოსავლეთ ფლანგზე მდებარეობს, თავისი შეიარაღებული ძალების მოდერნიზაცია დააჩქარა და საბჭოთა წარმოების მოძველებული იარაღის სისტემები ჩაანაცვლა.  

ბულგარეთის პარლამენტმა აშშ-სგან 1,5 მილიარდი დოლარის ღირებულების Stryker-ის ტიპის საბრძოლო მანქანების შესყიდვა დაამტკიცა

ბულგარეთის პარლამენტმა აშშ-სგან Stryker-ის ტიპის საბრძოლო მანქანების შესყიდვას მხარი დაუჭირა. 1,5 მილიარდი დოლარის მოცულობის პაკეტი ქვეყნის არმიის მოდერნიზაციისა და NATO-ს სტანდარტებთან შესაბამისობაში მოსაყვანად მიიღეს. 240-ადგილიან პარლამენტში 134-მა დეპუტატმა მხარი დაუჭირა 183 Stryker-ის სატრანსპორტო საშუალების შეძენის შეთანხმებას, რომელიც მთავრობამ სექტემბერში დაამტკიცა. აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა ბულგარეთისთვის Stryker-ის ტიპის საბრძოლო მანქანების პოტენციური მიყიდვა სექტემბერში დაამტკიცა. თავდაცვის მინისტრმა, თოდორ თაგარეევმა ეროვნულ ასამბლეას განუცხადა, რომ ეს არის სერიოზული ნაბიჯი ბულგარეთის არმიის მოდერნიზაციისკენ. 2022 წლის თებერვალში რუსეთის მიერ უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომის დაწყების შემდეგ, ბულგარეთმა თანამედროვე შეიარაღებით აღჭურვა გადაწყვიტა. შავი ზღვის აუზის წარმომადგენელ ბულგარეთს სტრატეგიული პოზიცია აქვს NATO-ს აღმოსავლეთ ფლანგზე. მან უკრაინას იარაღი და საბრძოლო მასალაც გაუგზავნა.