ლატვიის შინაგან საქმეთა ყოფილ მინისტრს რუსეთის სასარგებლოდ ჯაშუშობისთვის 8,5 წლით პატიმრობა მიესაჯა

რიგაში სასამართლომ სეიმის ყოფილ დეპუტატსა და შინაგან საქმეთა ყოფილ მინისტრ იანის ადამსონსს რვა-ნახევარი წლით პატიმრობა მიუსაჯა. ის რუსეთის სასარგებლოდ ჯაშუშობაში დამნაშავედ ცნეს. საქმეში მეორე დამნაშავეა უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომელი გენადი სილონოვი, რომელსაც შვიდი წლით პატიმრობა მიესაჯა.

ბრალდებულები დანაშაულს არ აღიარებენ და გადაწყვეტილების გასაჩივრებას აპირებენ.

სასამართლოს თანახმად, ადამსონსი „მიზანმიმართულად აგროვებდა დახურულ ინფორმაციას“ და სილონოვის გზით გადასცემდა ფსბ-ს. საქმე ეხება ინფორმაციას „ლატვიის სახელმწიფო დაწესებულებების, სამართალდამცავი ორგანოებისა და სახელმწიფო უშიშროების ორგანოების მუშაობის, ასევე სახელმწიფო თავდაცვის სისტემის შესახებ“. ადამსონსს ასევე ბრალი ედება თაღლითობაში და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შენახვაში.


ადამსონსი 2021 წლის ზაფხულში დააკავეს. მას რუსეთის სასარგებლოდ ჯაშუშობის ორმოც ეპიზოდში წაუყენეს ბრალი. დეკემბერში ლატვიის სეიმმა ადამსონსს დეპუტატის იმუნიტეტი მოუხსნა და გენერალურ პროკურატურას უფლება მისცა, მის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე აღეძრა.

საბჭოთა პერიოდში ადამსონსი სამხედრო-საზღვაო ფლოტში მსახურობდა, სადაზვერვო სფეროში შტაბის უფროსის მოადგილე იყო. 1992 წელს დაბრუნდა ლატვიაში, სადაც სამხედრო-საზღვაო ძალების სარდლის მოადგილის, სასაზღვრო სამსახურის მეთაურის, შინაგან საქმეთა მინისტრის თანამდებობები ეკავა. მონაწილეობდა ლატვიის ტერიტორიიდან რუსეთის ჯარების გაყვანაში. სასამართლომ კგბ-სთან მისი კავშირები აღიარა, მაგრამ ადამსონსმა პარლამენტის დეპუტატის თანამდებობა შეინარჩუნა.