NATO-ს ყოფილმა გენერალურმა მდივანმა ანდერს ფოგ რასმუსენმა განაცხადა, რომ უკრაინა სამხედრო ალიანსს რუსეთის მიერ დროებით ოკუპირებული ტერიტორიების გარეშე უნდა შეუერთდეს. ამის შესახებ მან The Guardian-თან ინტერვიუში განაცხადა.
ყოფილი გენერალური მდივანი ამბობს, რომ ნაწილობრივი წევრობა რუსეთისთვის გაფრთხილება იქნება, რომ მას არ შეუძლია, შეაჩეროს უკრაინის ალიანსში გაწევრიანება. რასმუსენმა განმარტა, რომ უკრაინის ნაწილობრივი გაწევრიანების გეგმა კონფლიქტის გაყინვის სიმბოლიზებას არ მოახდენს.
„მოვიდა დრო, გადავდგათ შემდეგი ნაბიჯი. ჩვენ გვჭირდება ევროპული უსაფრთხოების ახალი არქიტექტურა, სადაც უკრაინა NATO-ს გულშია," - განაცხადა რასმუსენმა.
ის ფიქრობს, რომ მე-5 მუხლი შეაკავებს რუსეთს NATO-ს შიგნით, უკრაინის ტერიტორიაზე თავდასხმების განხორციელებისგან.
მან ასევე დაასახელა სამი ძირითადი მიზეზი, რის გამოც, უკრაინას წევრობა უნდა შესთავაზონ. უპირველეს ყოვლისა, NATO-ს შიგნით უკრაინა შეასრულებს ერთგვარი საყრდენის ფუნქციას ჯერ კიდევ აგრესიული რუსეთის წინააღმდეგ.
- „მეორე: ჩვენ უნდა გავაცნობიეროთ, რომ ნაცრისფერი ზონები სახიფათო ზონაა. ნეიტრალიტეტი სამყაროს ძველი გაგებით აღარ არსებობს. რუხი ზონები პუტინისთვის თავდასხმის ცდუნებად იქცევა." და ბოლოს, უკრაინის არმია ახლა ყველაზე ბრძოლისუნარიანი არმიაა ევროპაში და ის იქნება აქტივი, მაგალითი სხვა ევროპული ძალებისთვის,“ - განაცხადა რასმუსენმა.
ანდერს ფოგ რასმუსენი უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის მრჩეველთან მუშაობდა ანდრი ერმაკთან ერთად, NATO-ს ბოლო სამიტის წინ, სადაც უკრაინის MAP-ის ინსტრუმენტის გამოყენების გარეშე გაწევრიანება გადაწყდა.
რასმუსენი NATO-ს გენერალური მდივანი 2009-2014 წლებში იყო. ალიანსი მომავალ ზაფხულს ვაშინგტონში, 75-ე საიუბილეო სამიტს გამართავს. რასმუსენის შეფასებით, უკრაინის გაწევრიანების გადავადება მომავალ წელს აღარ შეიძლება.