ბაქო: საფრანგეთის მიერ სომხეთისთვის ჯავშანტექნიკის მიწოდებას ვგმობთ

აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტრო საფრანგეთს სომხეთისთვის იარაღის მიწოდების გამო აკრიტიკებს. უწყების პრესსპიკერმა აიხან ჰაჯიზადამ აღნიშნა, რომ “სამხედრო ტექნიკის გადაცემა მოემსახურება რეგიონში დესტრუქციული მოქმედებებისა და სომხეთის სამხედრო პოტენციალის გაძლიერებას, რომელიც აზერბაიჯანის ტერიტორიების ნაწილს ოკუპაციის ქვეშ აქცევს თითქმის 30 წლის განმავლობაში და დღემდე არ იკავებს თავს აგრესიული პოლიტიკისგან.“


„საფრანგეთის ეს ნაბიჯები, რომელიც თავს საერთაშორისო სამართლის დამცველად და რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის მხარდამჭერად წარმოაჩენს, სერიოზული კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს ძალისხმევას ურთიერთობების ნორმალიზების შესახებ, რომელიც რეგიონის ქვეყნების სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობის და საერთაშორისო საზღვრების პატივისცემასა და აღიარებას ეფუძნება. საფრანგეთის მიერ აზერბაიჯანის წინააღმდეგ შემაძრწუნებელი კამპანიისა და დესტრუქციული ქმედებების ფონზე, ეს ნაბიჯები, რომლებიც სომხეთის მილიტარიზაციის პოლიტიკას ემატება, რეგიონში საფრანგეთის გზასაცდენილ ინტერესებს ადასტურებს,“ - განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა.


მისივე თქმით, სომხეთმა და საფრანგეთმა უნდა დაასრულონ შეიარაღებისა და მილიტარიზაციის პოლიტიკა რეგიონში და საბოლოოდ გააცნობიერონ, რომ მშვიდობასა და სტაბილურობას რეგიონში ალტერნატივა არ აქვს.

აზერბაიჯანული მედია წერს, რომ საფრანგეთმა სომხეთს ჯავშანტექნიკა მიაწოდა. სომხურ მხარეს კომენტარი ჯერ არ გაუკეთებია. საპასუხო განცხადება არც საფრანგეთს გაუვრცელებია.


23 ოქტომბერს სომხეთმა და საფრანგეთმა თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის შესახებ შეთანხმებას ხელი მოაწერეს.

შეთანხმება სომხეთისთვის Thales-ის მიერ წარმოებული სამი რადარის მიწოდებას და ფრანგული „მისტრალის“ტიპის საზენიტო-სარაკეტო სისტემების მომავალში გადაცემას ითვალისწინებს.