საფრანგეთი სომხეთს „მისტრალის“ტიპის საზენიტო-სარაკეტო სისტემებს მიაწვდის

სომხეთმა და საფრანგეთმა თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის შესახებ შეთანხმებას ხელი მოაწერეს.

დოკუმენტი საფრანგეთის თავდაცვის მინისტრმა, სებასტიენ ლეკორნუმ და სომხეთის თავდაცვის მინისტრმა, სურენ პაპიკიანმა გააფორმეს.

Reuters-ის ცნობით, საფრანგეთი ეხმარება სომხეთს, გააუმჯობესოს საჰაერო თავდაცვის შესაძლებლობები სამი რადარის გაყიდვით და „მისტრალის“ ტიპის საზენიტო რაკეტების მომავალი მიწოდების შესახებ შეთანხმებით.

შეთანხმება სომხეთისთვის Thales-ის მიერ წარმოებული სამი რადარის მიწოდებას და ფრანგული „მისტრალის“ტიპის საზენიტო-სარაკეტო სისტემების მომავალში გადაცემას ითვალისწინებს.


„ცის დაცვა არის ის, რაც აბსოლუტურად მნიშვნელოვანია,“ - განუცხადა ლეკორნუმ პაპიკიანს.

ლეკორნუმ ასევე აღნიშნა, რომ საფრანგეთი სომხეთს თავდაცვის ძალების მომზადებაში დაეხმარება და მხარს დაუჭერს მის ძალისხმევას არმიის რეფორმებისა და მოდერნიზების საკითხებში.


საფრანგეთის თავდაცვის მინისტრმა, სებასტიან ლეკორნუმ გაზეთ Le Parisien-ს ახლახან განუცხადა, რომ ერევანი ფრანგული იარაღის მიღების მიზნით, პარიზთან შეთანხმებას გააფორმებდა.

„აუცილებელია სომხეთს მიეცეს საშუალება, დაიცვას თავისი მშვიდობიანი მოსახლეობა და უზრუნველყოს თავისი საზღვრების დაცვა. ჩვენ ოფიციალურად გავაფორმებთ სომხეთის მიერ ფრანგული მწარმოებლებისგან გარკვეული რაოდენობის იარაღის შეძენას, კერძოდ, ხელშეკრულების გაფორმებით, რომელიც საშუალებას მისცემს ქვეყანას უზრუნველყოს თავისი ცის დაცვა,“ - განაცხადა მინისტრმა.

საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სამ ოქტომბერს სომხეთში ვიზიტისას განაცხადა, რომ საფრანგეთი მზადაა, სომხეთთან სამხედრო ტექნიკის მიწოდების შესახებ შეთანხმება გააფორმოს.