გერმანია უკრაინას 2024 წლისთვის სამხედრო დახმარებას გაუორმაგებს და ამ მაჩვენებელს 4 მილიარდი ევროდან (4,3 მილიარდი დოლარი) 8 მილიარდ ევრომდე (8,6 მილიარდი აშშ დოლარი) გაზრდის. შესაბამისი განცხადება გერმანიის თავდაცვის მინისტრმა, ბორის პისტორიუსმა გერმანულ მაუწყებელ ARD-თან ინტერვიუში გააკეთა.
„ეს არის ძლიერი სიგნალი უკრაინისთვის, რომელიც გვიჩვენებს, რომ ჩვენ მასზე უარს არ ვამბობთ,“ - განაცხადა პისტორიუსმა, მზარდი შეშფოთების ფონზე, რომ დასავლეთის ყურადღება გადატანილია ისრაელ - “ჰამასის“ ომზე.
გერმანიის მმართველმა კოალიციამ უკრაინის სამხედრო დახმარების გაორმაგება გადაწყვიტა. ამის შესახებ ინფორმაციას Bloomberg-ი და Reuters-ი საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებდნენ.
2024 წელს გერმანია უკრაინისთვის 8 მილიარდი ევროს (8. 5 მილიარდი დოლარის) სამხედრო დახმარების გაწევას გეგმავს.
მედიის ცნობით, გადაწყვეტილება გერმანიის კანცლერის ოლაფ შოლცის მმართველმა კოალიციამ დაამტკიცა და ახლა პარლამენტმა უნდა მიიღოს. Bloomberg-ს წყარომ განუცხადა, რომ ეს შესაძლოა, მომავალ კვირაში მოხდეს.
გერმანია უკრაინის უმსხვილესი სამხედრო სპონსორია ევროპაში, მსოფლიოში კი, შეერთებული შტატების შემდეგ მეორე. კიელის მსოფლიო ეკონომიკის ინსტიტუტის მონაცემებით, გერმანიამ უკრაინას 17 მილიარდ ევროზე მეტი სამხედრო დახმარება გაუგზავნა.