თბილისის საერთაშორისო აეროპორტში რეისზე რეგისტრაციას მგზავრები დამოუკიდებლად შეძლებენ

თბილისის საერთაშორისო აეროპორტის გამგზავრების დარბაზში თვითრეგისტრაციის ჯიხურები (Self-Check in Kiosks) განთავსდა. გამგზავრებამდე რამდენიმე საათით ადრე, მგზავრებს ექნებათ შესაძლებლობა, თავად დარეგისტრირდნენ რეისზე, აირჩიონ ადგილი და დაბეჭდონ ჩასხდომის ბარათი.

„პროექტში, რომელიც რეგისტრაციის პროცესის გამარტივებას და მგზავრებისთვის დამატებითი კომფორტის შექმნას ისახავს მიზნად, თბილისისა და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტების მმართველმა კომპანია „ტავ ჯორჯიამ“ 150 000 ლარამდე ინვესტიცია განახორციელა.


თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ამჟამად თვითრეგისტრაციის ორი ჯიხური ფუნქციონირებს, რომლითაც სარგებლობა პირველ ეტაპზე მხოლოდ ორი ავიაკომპანიის მგზავრებს შეუძლიათ. ავიაკომპანიების რიცხვი, რომელთა რეისებზე რეგისტრაციას მგზავრები დამოუკიდებლად შეძლებენ, ეტაპობრივად გაიზრდება,“ აცხადებს “ტავ ჯორჯია.“