ფაშინიანი მინსკში დაგეგმილ კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის სამიტში მონაწილეობას არ მიიღებს

სომხეთის პრემიერ-მინისტრი მინსკში დაგეგმილ კოლექტიური უსაფრთხოების (CSTO) ხელშეკრულების ორგანიზაციის სამიტში მონაწილეობას არ მიიღებს.

სომხური მედიის ცნობით, სომხეთის პრემიერის ოფისმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ ბელორუსის მხარის ინიციატივით, ფაშინიანმა ქვეყნის პრეზიდენტ ალექსანდრე ლუკაშენკოსთან სატელეფონო საუბარი გამართა.

„მხარეებმა განიხილეს ბელორუსის დედაქალაქ მინსკში, 23 ნოემბერს CSTO-ს კოლექტიური უსაფრთხოების ორგანიზაციის სხდომის ორგანიზებასთან დაკავშირებული საკითხები. ასევე, ფაშინიანმა აცნობა ლუკაშენკოს, რომ ის ვერ მიიღებს მონაწილეობას ამ შეხვედრაში და იმედი გამოთქვა, რომ CSTO-ში მისი კოლეგები გაგებით მოეკიდებიან ამ გადაწყვეტილებას,“ - წერს სომხური მედია. ფაშინიანის გადაწყვეტილების მიზეზი ინფორმაციაში განმარტებული არ არის.