ფაშინიანი იყენებს მომენტს სომხეთის საგარეო პოლიტიკის რეორიენტაციისთვის - მეთიუ ბრაიზა

სომხეთის ბოლოდროინდელ ნაბიჯებს აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწის ყოფილი მოადგილე, მეთიუ ბრაიზა Europetime-თან აფასებს.

ბრაიზა მიიჩნევს, რომ „ძალიან მნიშვნელოვანი ძვრებია სომხეთის საგარეო პოლიტიკაში.“

ამერიკელი დიპლომატის დასკვნით, ნიკოლ ფაშინიანს ყოველთვის სურდა დასავლეთისკენ სვლა და რუსეთისგან თავის დაღწევა, რამდენადაც შეეძლო იმის გაცნობიერება, რომ ვერცერთი სომეხი ლიდერი მთლიანად ვერასოდეს გათავისუფლდება რუსეთის „გრავიტაციული ძალისგან.“

ამის დასტურად ის იხსენებს იმ პერიოდს, რამაც „გამოიწვია სერჟ სარქისიანის გადაყენება და ფაშინიანის ხელისუფლებაში მოსვლა, როცა ფაშინიანი ითვლებოდა პროდასავლურ ლიდერად და რუსეთს სომხეთისთვის უსაფრთხოების გასაღებად კი არ თვლიდა, არამედ, დასავლეთთან მანევრირების საშუალებას იტოვებდა.“


ბრაიზას თქმით, ყარაბაღთან დაკავშირებით კი, ფაშინიანი მაინც ზედმეტად დარწმუნებული იყო, რომ რუსეთი ერევანს რაიმე სახის მხარდაჭერას შესთავაზებდა, თუმცა გარკვეული იმედგაცრუება განიცადა:

„მაგრამ ვფიქრობ, მას ყოველთვის დასავლეთისკენ ძვრა და რუსეთისგან თავის დაღწევა სურდა, რამდენადაც შეეძლო იმის გაცნობიერება, რომ რუსეთის გრავიტაციული ძალისგან მთლიანად ვერცერთი სომეხი ლიდერი ვერასოდეს გათავისუფლდება. ის ცდილობდა, კარგი ურთიერთობა ჰქონოდა შეერთებულ შტატებთან და ევროპასთან, მაგრამ ასევე შეენარჩუნებინა სამუშაო დონეზე ურთიერთობა რუსეთთან.


„ახლა დაძაბულობა იმდენად გაიზარდა ლაჩინის კორიდორის გარშემო, რომ მან მომენტის გამოყენება აირჩია. თავს ესხმიან ოპონენტები და ღალატში ადანაშაულებენ, რადგან 2020 წლის 10 ნოემბერს დათანხმდა აზერბაიჯანთან ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმებას. ამდენად, ვფიქრობ, ის ახლა ფარად იყენებს ეროვნულ ერთიანობას, რომელიც აზერბაიჯანთან დაძაბულობამ გამოიწვია ლაჩინის დერეფნის გარშემო, რათა საშუალება მიეცეს, გადადგას ეს რადიკალური ნაბიჯი, რომ სომხეთის საგარეო პოლიტიკა უფრო მეტად დაუკავშიროს ევროპასა და შეერთებულ შტატებს, ვიდრე რუსეთს,“- ამბობს მეთიუ ბრაიზა.


ამერიკელი დიპლომატის შეფასებით, ნიკოლ ფაშინიანს ნამდვილად სურს საბოლოო სამშვიდობო ხელშეკრულების მიღწევა და სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვრის დემარკაცია. „ამიტომაც, ის და პრეზიდენტი ალიევი უფრო და უფრო უახლოვდებიან სამშვიდობო ხელშეკრულებას, მისი ოპონენტები უფრო და უფრო რადიკალურები ხდებიან, მაგრამ ისინი ჩიხს გვთავაზობენ, როდესაც ამბობენ, რომ სომხეთს დახმარება რუსეთისგან სჭირდება და არა დასავლეთისგან.

ახლა ფაშინიანი იყენებს მომენტს სომხეთის საგარეო პოლიტიკის რეორიენტაციისთვის, ცოტა უფრო მეტად ტრანსატლანტიკური საზოგადოებისკენ, რისი გაკეთებაც მას თავდაპირველად სურდა, მაგრამ შიდა პოლიტიკური მიზეზების გამო ვერ შეძლო,“ - აღნიშნავს მეთიუ ბრაიზა Europetime-თან ინტერვიუში.


შეგახსენებთ, 3 სექტემბერს ფაშინიანმა უსაფრთხოების სფეროში რუსეთზე დამოკიდებულებას სტრატეგიული შეცდომა უწოდა.

5 სექტემბერს სომხეთმა რუსეთის დომინირებით მოქმედი ОДКБ-დან მუდმივი წარმომადგენელი, ვიქტორ ბიაგოვი გაიწვია.


უფრო ადრე ბელორუსში ОДКБ-ს წვრთნები დაიწყო, სწავლებაში სომხეთი არ მონაწილეობს.

6 სექტემბერს სომხეთის თავდაცვის სამინისტრომ გამოაცხადა, რომ 11-დან 20 სექტემბრამდე, ერევანი და აშშ სომხეთში ერთობლივ სამხედრო წვრთნებს გამართავენ.

ასევე აღსანიშნავია, რომ 6 სექტემბერს სომხეთის პრემიერის მეუღლე კიევში ჩავიდა.