აშშ-ის ელჩი ანაკლიის პორტის აშენებაზე: საჭიროა, ზუსტად იცოდე, ვისთან თანამშრომლობ

აშშ-ის ელჩი ​საქართველოში. რობინ დანიგანი ქვეყნისთვის ანაკლიის პორტის აშენების მნიშვნელობაზე საუბრობს. მან რადიო თავისუფლებასთან განაცხადა, რომ როცა საქმე ეხება ქვეყნისთვის მნიშვნელოვან ინფრასტრუქტურას, საჭიროა მთავრობამ ზუსტად იცოდეს, თუ ვისთან აპირებს თანამშრომლობას.

„ანაკლიას რაც შეეხება, ამ პორტის განვითარება იქნება საქართველოს სერიოზული ძალისხმევის მნიშვნელოვანი ელემენტი შუა დერეფანში ამ ქვეყნის მნიშვნელოვან კვანძად ქცევისთვის, რაც ახლა იმაზე მნიშვნელოვანია, ვიდრე ოდესმე ყოფილა. ამ პორტის განვითარებისთვის ვის აირჩევს მთავრობა, ეს არის მისი სუვერენული გადაწყვეტილება.

ჩვენ მხოლოდ ვურჩევდით საქართველოს, როგორც ნებისმიერ სხვა ქვეყანას ვურჩევთ, როცა საქმე ეხება კრიტიკულ ინფრასტრუქტურას, პორტის ჩათვლით, საჭროა, ზუსტად იცოდე ვისთან თანამშრომლობ და რა გრძელვადიანი განზრახვები აქვთ მათ. და, ქვეყანამ უნდა უზრუნველყოს, რომ ეს პროცესი იყოს მაქსიმალურად გამჭვირვალე და როცა საქმე ისეთ კრიტიკულ ინფრასტრუქტურას ეხება, როგორიც პორტებია, ეს უკიდურესად მნიშვნელოვანია," - ამბობს ელჩი.


რადიო თავისუფლებამ მას ასევე ჰკითხა, რას ნიშნავდა აშშ-სთვის საქართველო-ჩინეთს შორის სტრატეგიული პარტნიორების დამყარების შესახებ შეთანხმების დამყარება.

„გულწრფელი უნდა ვიყო: როცა ვამბობ, რომ პატივს ვცემთ საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას, ამასვე ვგულისხმობთ - ნამდვილად პატივს ვცემთ საქართველოს სუვერენიტეტს...

სტრატეგიულ პარტნიორობას რაც შეეხება, მხოლოდ შევნიშნავ, რომ იმ შეთანხმებაში საქართველო ცალსახად აღიარებს ჩინეთის სუვერენიტეტს, მაგრამ ჩვენ ვერ ვხედავთ მსგავს მიდგომას ჩინეთისგან საქართველოს მიმართ. ამასთან, ეს არის ქვეყანა, რომელიც სულ უფრო უახლოვდება რუსეთს. რუსეთს კი ოკუპირებული აქვს საქართველოს ტერიტორიის ნაწილი. მგონია, რომ ცოტათი არასასურველი ვითარებაა," - ამბობს რობინ დანიგანი.