ამერიკის ელჩმა დანიგანმა და განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა, გიორგი ამილახვარმა აშშ-საქართველოს ძლიერი და მზარდი საგანმანათლებლო პარტნიორობა განიხილეს. შესაბამის ინფორმაციას ამერიკის საელჩო ავრცელებს. შეხვერა 14 ნოემბერს განათლების სამინისტროში გაიმართა.
„ჩვენ ერთად ვაძლიერებთ საქართველოს განათლების სისტემას, რათა მოვამზადოთ მომავალი თაობა პროფესიული წარმატებისა და აქტიური მოქალაქეობისთვის.
ჩვენი საგანმანათლებლო პარტნიორობა ქვაკუთხედია ჩვენი საერთო მიზნებისა, რომელიც ემსახურება საქართველოს მხარდაჭერას, რომ ის გახდეს უფრო უსაფრთხო, წარმატებული და მყარად ინტეგრირებული ევროატლანტიკურ საზოგადოებაში,“ - წერია გავრცელებულ ინფორმაციაში.
ინფორმაციას ავრცელებს განათლების სამინისტროც.
უწყების ცნობით, ლჩთან საუბრისას მინისტრმა დეტალურად განიხილა განათლების ყველა საფეხურზე მიმდინარე პროექტები, რომლებიც აშშ-ის საელჩოსთან და USAID-თან თანამშრომლობით ამ ეტაპზე ხორციელდება.
„შეხვედრის მონაწილეებმა პროექტების მიზნებზე იმსჯელეს და ამ მიმართულებით მიღწეული შედეგები შეაფასეს. მხარეებმა აღნიშნეს, რომ თითოეული პროექტი, რომელიც ამერიკის მხარესთან პარტნიორობით ხორციელდება, სრულ თანხვედრაშია განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს პრიორიტეტებთან და მიმდინარე რეფორმებთან. შეხვედრის მონაწილეებმა განიხილეს ქართულ და ამერიკულ უნივერსიტეტებს შორის თანამშრომლობის გაძლიერების პერსპექტივები, რათა კიდევ უფრო გაიზარდოს საქართველოში ერთობლივი ორმაგი საერთაშორისო ხარისხის საგანმანათლებლო პროგრამების რაოდენობა. მინისტრის თქმით, ამ მიმართულებით ამერიკის შეერთებულ შტატებთან თანამშრომლობა და აშშ-ის უნივერსიტეტების საქართველოში შემოსვლა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია.
როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, საქართველოსა და ამერიკის უნივერსიტეტებს შორის კავშირების გაფართოების მიზნით, აშშ-ის საელჩო მომავალი წლისთვის აორგანიზებს განათლებისა და მეცნიერების მინისტრისა და სამინისტროს წარმომადგენლების ვიზიტს ამერიკის შეერთებულ შტატებში. შეხვედრის დასასრულს რობინ დანიგანმა მაღალი შეფასება მისცა სამინისტროში მიმდინარე რეფორმებს და სამომავლო ერთობლივი პროექტების განხორციელების კუთხით მინისტრს სრული მხარდაჭერა აღუთქვა,“ - წერს განათლების სამინისტრო.