FT: დანიამ შესაძლოა, რუსული ნავთობის გადამზიდავი ტანკერები დაბლოკოს

ევროკავშირის ახალი გეგმების მიხედვით, დანიას დაევალება, შეამოწმოს და პოტენციურად დაბლოკოს მის წყლებში მოძრავი რუსული ნავთობის გადამზიდავი ტანკერები.

ამის შესახებ Financial Times-ი წერს. დასავლეთი მოსკოვის ნავთობზე ფასის ლიმიტის დაწესების სხვა გზებს იკვლევს. 

გამოცემის წყაროების ცნობით, დანიის სამიზნე გახდებიან ტანკერები, რომლებსაც დასავლური დაზღვევა არ აქვთ. ინსპექტირება დაეფუძნება საერთაშორისო კანონებს, რომლებიც ქვეყნებს საშუალებას აძლევს, შეამოწმონ გემები, თუ არსებობს რაიმე შეშფოთება, რომ მათ შეუძლიათ, ზიანი მიაყენონ გარემოს. დანიის გაერთიანებული სამხედრო სარდლობის სპიკერმა FT-ის განუცხადა, რომ დანიელები გარდა საზღვაო უსაფრთხოებასთან დაკავშირებული შემთხვევებისა, სრუტეში გამავალ გემებს ან დოკუმენტებს არ ამოწმებენ.


ცნობისთვის, აშშ-მ სანქციები დაუწესა კომპანიებს, რომლებიც რუსულ ნავთობზე დაწესებულ ფასის ლიმიტს არ იცავდნენ.

დამოუკიდებელი კვლევები აჩვენებს, რომ რუსეთი ნავთობის უმეტეს ნაწილს დადგენილ ზღვარზე მაღალ ფასად ყიდის. რუსეთის ნავთობის საშუალო ფასი სექტემბერში, რუსეთის მთავრობის მონაცემებით, ბარელზე 83 დოლარზე მეტი იყო. სექტემბრის ბოლოს აშშ-ის ფინანსთა მინისტრმა ჯანეტ იელენმა განაცხადა, რომ G7-ის ქვეყნები მზად არიან, სანქციების გვერდის ავლის შესაძლებლობის შესაზღუდად, წესები გაამკაცრონ.


რუსული ნავთობის ერთ ბარელზე 60 დოლარის ფასი ზედა ზღვარი დიდი შვიდეულის (G7) წევრმა ქვეყნებმა 2022 წლის დეკემბერში შემოიღეს, რათა უკრაინაში ომის წარმოების პირობებში კრემლის შემოსავლები შეეზღუდათ.