ამერიკის შეერთებულმა შტატებმა სანქციები დაუწესა თურქეთისა და არაბთა გაერთიანებული საამიროების ორ კომპანიას, რომლებიც მოქმედი სანქციების ფარგლებში რუსული ნავთობის ფასის ლიმიტს არ იცავდნენ. რუსული ნავთობის ერთ ბარელზე 60 დოლარის ფასი ზედა ზღვარი დიდი შვიდეულის (G7) წევრმა ქვეყნებმა 2022 წლის დეკემბერში შემოიღეს, რათა უკრაინაში ომის წარმოების პირობებში კრემლის შემოსავლები შეეზღუდათ.
აშშ-ის ხაზინის დეპარტამენტის განცხადებით, ტანკერმა Primorye-მ, რომელიც არაბთა გაერთიანებული საამიროების ერთ-ერთ კომპანიას ეკუთვნის, რუსული ნავთობის ბარელი 75 დოლარად გაყიდა, ხოლო თურქული კომპანიის კუთვნილმა ტანკერმა YasaGolden Bosphorus-მა ერთი ბარელი 80 დოლარზე მაღალ ფასად გაყიდა. ამასთან, გემის მფლობელები ამერიკული კომპანიების მომსახურებას იყენებდნენ.
დამოუკიდებელი კვლევები აჩვენებს, რომ რუსეთი ნავთობის უმეტეს ნაწილს დადგენილ ზღვარზე მაღალ ფასად ყიდის. რუსეთის ნავთობის საშუალო ფასი სექტემბერში, რუსეთის მთავრობის მონაცემებით, ბარელზე 83 დოლარზე მეტი იყო. სექტემბრის ბოლოს აშშ-ის ფინანსთა მინისტრმა ჯანეტ იელენმა განაცხადა, რომ G7-ის ქვეყნები მზად არიან, სანქციების გვერდის ავლის შესაძლებლობის შესაზღუდად, წესები გაამკაცრონ.