საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტ პია კაუმას შეხვდა. სხვა საკითხებთან ერთად, შეხვედრაზე საუბარი შეეხო საქართველოს 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებს. შალვა პაპუაშვილმა იმედი გამოთქვა, რომ ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის წარმომადგენლები 2024 წლის არჩევნებს დააკვირდებიან.
პარლამენტის ცნობით, შეხვედრაზე მიმოიხილეს რეგიონში მიმდინარე მოვლენები და საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭების საკითხი. ხაზი გაესვა რეგიონული მშვიდობის მნიშვნელობას და საქართველოს როლს აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის ურთიერთობების განვითარებაში.
პია კაუმამ განაცხადა, რომ მშვიდობისა და უსაფრთხოების კუთხით არსებული რთული ვითარების გათვალისწინებით, ეუთო მეტად რელევანტური ხდება. მან ხაზი გაუსვა სამხრეთ კავკასიის რეგიონის მნიშვნელობას მშვიდობისა და უსაფრთხოების პერსპექტივიდან გამომდინარე. მისი თქმით, საქართველოს განსაკუთრებული გეოგრაფიული მდებარეობა აქვს ევროპისა და აზიის გასაყარზე და საქართველოს მომავალი მთლიანი რეგიონისთვისაა მნიშვნელოვანი.
„როგორც იცით, არჩნებზე ეუთოს საპარლამენტო მისია სადამკვირვებლო მისიებს უზრუნველყოფს ხოლმე, ჩვენ ეს გავაკეთეთ წინა არჩევნებზეც და იმედი მაქვს, ასევე მოგვიწვევთ მომდევნო წელს, როდესაც იქნება საპარლამენტო არჩევნები. ასევე, მსურს, რომ გამოვხატო ჩვენი სრული მხარდაჭერა საქართველოს დემოკრატიული, ეკონომიკური განვითარების, ტერიტორიული მთლიანობის მიმართ და ამავდროულად, აღვნიშნო, რომ თქვენ გაქვთ ძალიან გადამწყვეტი რეგიონი სამხრეთ კავკასიაში, ასრულებთ კონსტრუქციულ და ძალიან მნიშვნელოვან როლს რეგიონული სტაბილურობის კუთხით,“ – განაცხადა კაუმამ.
პაპუაშვილის თქმით, პია კაუმასთან შეხვედრაზე ისაუბრეს ეუთოს საპარლამენტო ასამბლეასთან საქართველოს თანამშრომლობაზე, რეგიონში მიმდინარე მოვლენებზე, საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ მძიმე ვითარებაზე, საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭების საკითხზე.
„ამჟამინდელი რთული გეოპოლიტიკური ვითარების ფონზე, უკრაინაში მიმდინარე რუსეთის აგრესიის შედეგად, ეუთო, როგორც ორგანიზაცია, არაერთი გამოწვევის წინაშე აღმოჩნდა. ვადასტურებ საქართველოს მზადყოფნას, ხელი შეუწყოს ორგანიზაციის ეფექტიან ფუნქციონირებას იმ ღირებულებების საფუძველზე, რომელთა გარშემოც ის ჩამოყალიბდა. ვაფასებთ ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის ძალისხმევას, წვლილი შეიტანოს რეგიონში არსებული კონფლიქტების მშვიდობიანი გზით გადაჭრაში. ხაზი გავუსვით შემდგომი თანამშრომლობის მზაობას რეგიონული სტაბილურობისა და მშვიდობის უზრუნველსაყოფად,“ - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.