კაია კალასი: ქართველ ხალხს ევროპასთან ყოფნა სურს და არა რუსეთთან

ესტონეთის პრემიერ-მინისტრი, კაია კალასი აცხადებს, რომ ქართველ ხალხს ევროპასთან სურს ყოფნა და არა რუსეთთან. NATO-ს და ევროკავშირის წევრი ქვეყნის პრემიერს მიაჩნია, რომ მომდევნო ეტაპზე გადასასვლელად, საქართველომ და ქვეყნის ლიდერებმა, ევროკომისიის კრიტერიუმები უნდა დააკმაყოფილონ. იუწყება ამერიკის ხმა, რომელიც კალასთან ინტერვიუს აქვეყნებს.

კაია კალასი უკრაინაში მიმდინარე ომზეც საუბრობს და ამბობს, რომ რუსეთი საკუთარ "ბოლო კოლონიურ ომში"უნდა დამარცხდეს" იმისთვის, რომ უკეთეს ქვეყნად ჩამოყალიბდეს.


ვიდრე ევროკომისია საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭების რეკომენდაციას გასცემდა, თქვენ საქართველოზე რამდენიმე კომენტარი გააკეთეთ. როგორია თქვენი შეხედულება საქართველოზე ახლა? როგორ ხედავთ საქართველოს ევროპულ გზაზე, განსაკუთრებით, მის ევროკავშირთან დაახლოებას? მიმართა ჟურნალისტმა კალასს.

ესტონეთის პრემიერ-მინისტრი: ევროკომისია გამოვიდა წინადადებით და საქართველოსთვის ეს ნიშნავს იმას, რომ თუ საქართველო აკმაყოფილებს კრიტერიუმებს, მაშინ შეგვიძლია, გადავიდეთ შემდეგ საფეხურზე. რა თქმა უნდა, ამ კრიტერიუმების შესრულება საქართველოსა და საქართველოს ლიდერების პოლიტიკური ნებაა, რომ გააგრძელონ ევროპულ გზაზე სვლა. როცა ახალ ამბებს ვუყურებ ვხედავ, რომ ხალხის ნება არის ევროპასთან ყოფნა და არა რუსეთთან.

ყველა ეს რუხი ზონა კონფლიქტის წყაროა და რუსეთს ნამდვილად არ სურს ამ ქვეყნების [ხელიდან] გაშვება. სწორედ ამაში მდგომარეობს ამ ბრძოლის არსი. იცით, ეს არ ეხება დამატებით ტერიტორიებს იმდენად, რამდენადაც დემოკრატიისა და ღირებულებების გაფართოებას, იმ ღირებულებების, რომელთა თავიდან აცილებას რუსეთი ნამდვილად ცდილობს.