„ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე, რუსეთის შეიარაღებული ძალების ტყვედ ჩავარდნილ ქართველ მოქალაქეებთან დაკავშირებით აცხადებს, რომ “საქართველოს არ აქვს რესურსი, იმუშაოს ქართველი სამხედრო ტყვეების გათავისუფლებაზე, უკრაინული მხარე შეიძლება, იყოს ჩართული შესაბამის მოლაპარაკებებში რუსულ მხარესთან.“
„გამომდინარე იქიდან, რომ ეს ორი მოქალაქე არის სამხედრო ტყვე, ჩვენ არ გვაქვს რესურსი, რომ ამ საკითხზე ვიმუშაოთ ამ ჭრილში, როგორც სამხედრო ტყვეების გათავისუფლებაზე. ისინი არიან რუსეთ -უკრაინის ომის სამხედრო ტყვეები და შესაბამისად, უკრაინული მხარე შეიძლება, იყოს ჩართული შესაბამის მოლაპარაკებებში რუსულ მხარესთან.
ჩვენ ამის რესურსი არ გვაქვს, ბუნებრივია. თქვენ გახსოვთ ბაიდენის, ჯონსონის განცხადებები, ისინი მოუწოდებდნენ თავის მოქალაქეებს, არ წასულიყვნენ რუსეთ-უკრაინის ომში, რატომ - იმიტომ, რომ შემდეგ შესაბამის ქვეყანას აღარ ექნებოდა რესურსი ემუშავა ტყვეების გათავისუფლებაზე ასეთი განვითარების შემთხვევაში.
ერთადერთი, რაც შეიძლება, განიხილოს ჩვენმა სახელმწიფომ, არის კონსტიტუციური ვალდებულება, იზრუნოს საკუთარ მოქალაქეზე განურჩევლად ადგილსამყოფელისა და ბერკეტი არის შვეიცარიის საელჩო, წითელი ჯვარი. ამ ფორმით თუ რაიმეს გაკეთება შეიძლება, ყველაფერს გააკეთებენ შესაბამისი უწყებები. დანარჩენზე გიპასუხებენ შესაბამისი უწყებები,“ - განუცხადა ირაკლი კობახიძემ მედიას.
- საგარეო უწყების განცხადებით, ქართველი ტყვეების უფლებების დასაცავად ყველა საერთაშორისო მექანიზმს გამოიყენებენ.