აშშ-ის სენატმა ე.წ. შათდაუნის თავიდან ასაცილებლად მიიღო კანონპროექტი, რომელიც უკრაინისა და ისრაელის დახმარებას არ მოიცავს

ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესის წარმომადგენელთა პალატის შემდეგ სენატმაც დაუჭირა მხარი კანონპროექტს მთავრობის დროებითი დაფინანსების შესახებ, რომელმაც ქვეყანას სამთავრობო დაწესებულებების მუშაობის შეჩერება თავიდან უნდა ააცილოს. კონგრესის ორივე პალატის მიერ მიღებული დროებითი ბიუჯეტი არ მოიცავს უკრაინის და ისრაელის დახმარებას.

კანონპროექტი მანამდე წარმომადგენელთა პალატამ დაამტკიცა.


CNN-ის ინფორმაციით, ის ხელმოსაწერად პრეზიდენტ ჯო ბაიდენს გადაეგზავნა.

ორსაფეხურიანი გეგმა ითვალისწინებს დაფინანსების 19 იანვრამდე გაგრძელებას სხვადასხვა პრიორიტეტისთვის, მათ შორისაა სამხედრო მშენებლობა, ვეტერანთა საქმეები, ტრანსპორტი, საცხოვრებელი და ენერგეტიკის დეპარტამენტი. დანარჩენი სფეროები კი, რომელსაც გეგმის მეორე საფეხური მოიცავს, 2 თებერვლამდე დაფინანსდება.

სენატმა კანონპროექტი 87 ხმით 11 წინააღმდეგ მიიღო.