რუსეთის ერთ-ერთ სამხედრო ნაწილში ხანძარი იყო

რუსეთის ფედერაციის ვოლგოგრადის ოლქის სამხედრო ნაწილის ტერიტორიაზე 16 ნოემბერს ხანძარი გაჩნდა. ადგილობრივი Telegram არხების ცნობით, მანამდე რეგიონში ძლიერი აფეთქებები ისმოდა.

ხანძარი დაახლოებით ღამის პირველი საათისთვის ვოლგოგრადის ოლქის დაბა კოტლუბანში დისლოცირებული სამხედრო ნაწილის ტერიტორიაზე გაჩნდა. ოლქის გუბერნატორმა ანდრეი ბოჩაროვმა ტელეგრამ-არხზე, დილით დაწერა, რომ ხანძარი ლიკვიდირებულია და არავინ დაშავებულა. ბოჩაროვს ხანძრის გამომწვევი მიზეზი არ დაუსახელებია.


ადგილობრივი გამოცემა „ვოლგოგრად ონლაინი“ თვითმხილველებზე დაყრდნობით წერს, რომ თავდაპირველად ცეცხლი ბალახს გაუჩნდა და შემდეგ მოედო იარაღის საწყობს.

რუსული ტელეგრამ-არხი „ბაზა“ იუწყება, რომ ხანძრის წინ, დაბა კოტლუბანის რამდენიმე მცხოვრებმა გაიგო უპილოტო საფრენი აპარატისთვის დამახასიათებელი ხმა, რასაც აფეთქება მოჰყვა.

რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ დღეს დილით გაავრცელა ინფორმაცია, 5 „უკრაინული უპილოტო საფრენი აპარატის“ განადგურების შესახებ, თუმცა, ვოლგოგრადის ოლქი არ უხსენებია. ამ ინფორმაციის მიხედვით, 2 დრონი ჩამოაგდეს რუსეთის ბრიანსკის ოლქში და 3 ყირიმის სანაპიროსთან.


უკრაინის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის მთავარი სამმართველოს წარმომადგენელმა ანდრიი იუსოვმა ტელეარხ „ჰრომადსკეს“ განუცხადა, რომ რუსულ სამხედრო ნაწილში ხანძართან კავშირს ვერც დაადასტურებენ და ვერც უარყოფენ, თუმცა, დღეს „მტერმა კიდევ ერთი არსენალი დაკარგა.“