კობახიძე: უმეტეს შემთხვევაში, ვენეციის კომისიის რეკომენდაციებს ვითვალისწინებთ, თუმცა არის საკითხები, სადაც რეკომენდაციებს არ მივყვებით

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, ვენეციის კომისიის დელეგაციასთან შეხვედრაზე, სასამართლო და საარჩევნო თემატიკასთან დაკავშირებით, პარლამენტში ინიცირებულ კანონპროექტებზე ჰქონდათ საუბარი. ამის შესახებ კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

„ვენეციის კომისიის გენერალურ მდივანს, ექსპერტებს შევხვდით. ზოგადად, თანამშრომლობის საკითხები განვიხილეთ. იცით, რომ ვენეციის კომისიასთან ინტენსიურად ვთანამშრომლობთ. ხშირად იგზავნება - ხოლმე ჩვენგან კანონპროექტები ვენეციის კომისიაში. ვიღებთ მათგან დასკვნებს და საქართველოს პარლამენტის მხრიდან, რა თქმა უნდა, მაღალია რეკომენდაციის გათვალისწინების მაჩვენებელი. ამ რეჟიმში გაგრძელდება თანამშრომლობა.


ჩვენ, ასევე, შევეხეთ ჩვენი თანამშრომლობის კონკრეტულ ასპექტებს. განსაკუთრებული საუბარი გვქონდა ისეთ თემებზე, როგორიცაა სასამართლო საკითხები, საარჩევნო თემატიკა. ამ ყველაფერთან დაკავშირებით გვქონდა დეტალური დისკუსია, მათ შორის დისკუსია გვქონდა იმ კანონპროექტებზე, რომელიც ამ სფეროებში არის ინიცირებული პარლამენტში. ველოდებით ასევე დასკვნას ცესკოს საკითხთან და სხვა თემებთან დაკავშირებით. ჩვენ მიმოვიხილეთ, ზოგადად, ის დასკვნა, რომელიც ვენეციის კომისიის მხრიდან, უკვე არის წარმოდგენილი სასამართლოსთან დაკავშირებით.


სადაც საქმე ეხება სამართლებრივ პრინციპებს, იქ ყველა რეკომენდაციას ვითვალისწინებთ, სადაც საქმე მიზანშეწონილობის საკითხებს ეხება, იქ, უმეტეს შემთხვევაში, ხდება რეკომენდაციების გათვალისწინება, თუმცა არის საკითხები, სადაც რეკომენდაციებს არ მივყვებით და აქ ჩვენი პოზიცია განვუმარტეთ ვენეციის კომისიის წარმომადგენლებს. რაც შეეხება ცესკოს, ჯერ კიდევ ველოდებით დასკვნას კომისიისგან. ვენეციის კომისიას აინტერესებს კანონმდებლობა, რომელიც არჩევნებს უკავშირდება. „საარჩევნო კოდექსთან“ მიმართებით, დღეს ერთადერთი საკითხი განიხილება, ეს არის ცესკოს დაკომპლექტება და ამასთან დაკავშირებით წარვუდგინეთ ჩვენი პოზიცია. ერთადერთი საკითხი, რომელიც განვიხილეთ „საარჩევნო კოდექსთან“ დაკავშირებით, არის ცესკოს ფორმირების წესი,“ - განაცხადა კობახიძემ.

ცნობისთვის, ვენეციის კომისიის დელეგაცია პარლამენტში შეხვედრებს მართავს.