საქართველოს პრეზიდენტი დღეს ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის დელეგაციას შეხვდა, რომელსაც ასამბლეის პრეზიდენტი პია კაუმა ხელმძღვანელობს.
პრეზიდენტის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, შეხვედრაზე, რომელიც დღეს ორბელიანების სასახლეში გაიმართა, საუბარი შეეხო ევროკომისიის მიერ საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების შესახებ რეკომენდაციის გაცემის მნიშვნელობას და ამ გზაზე დემოკრატიული პროცესების უწყვეტ გაძლიერებას.
„პრეზიდენტმა დელეგაციას დეტალური ინფორმაცია მიაწოდა ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ მძიმე ჰუმანიტარულ ვითარებასთან დაკავშირებით. ამ ჭრილში, საუბარი შეეხო ქვეყნის ევროპულ მომავალს, როგორც ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები მოსახლეობისთვის განვითარების შესაძლებლობას.
შეხვედრისას ასევე განიხილეს რეგიონში მშვიდობისა და უსაფრთხოების გაძლიერების მნიშვნელობის საკითხები და ამ კუთხით, შავი ზღვის უსაფრთხოების გაძლიერებასა და რეგიონის სტაბილურობის განმტკიცების მიზნით ევროპული ინსტიტუტების ჩართულობა,“ - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.
დღესვე საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ევროპის საბჭოს ვენეციის კომისიის დელეგაციას შეხვდა, რომელიც საქართველოში ოფიციალური ვიზიტით იმყოფება.
პრეზიდენტის ადმინისტრაციის ცნობით, ორბელიანების სასახლეში გამართულ შეხვედრისას ხაზი გაესვა საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების მნიშვნელობას და უწყვეტ ძალისხმევას ევროინტეგრაციის გზაზე.
„საუბარი შეეხო მომავალ, 2024 წლის არჩევნებს და ინსტიტუციური თანამშრომლობის გაღრმავებას, მათ შორის ევროპული ინსტიტუტების ჩართულობის გაზრდის გზით. საქართველოს პრეზიდენტმა მადლობა გადაუხადა ვენეციის კომისიას ქვეყანაში დემოკრატიული პროცესების ხელშეწყობის და ინსტიტუციური რეფორმების გაძლიერების კუთხით,“ - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.