საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი საქართველოში ოფიციალური ვიზიტით მყოფ ვენეციის კომისიის დელეგაციას შეხვდა, რომელსაც ვენეციის კომისიის გენერალური მდივანი სიმონა გრანატა-მენგინი ხელმძღვანელობს. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.
მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრაზე მხარეებმა საქართველოსა და ვენეციის კომისიის თანამშრომლობა განიხილეს, რომელიც დინამიკურად ვითარდება.
პრემიერ-მინისტრმა სიმონა გრანატა-მენგინის კონსტრუქციული თანამშრომლობისთვისა და საქართველოს კანონმდებლობის ევროპულ სტანდარტებთან ჰარმონიზაციის პროცესში შეტანილი წვლილისთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ ვენეციის კომისია მნიშვნელოვან როლს ასრულებს საკონსტიტუციო და ნორმატიული ჩარჩოს შესახებ კონსულტაციებისა და საქართველოს დემოკრატიული ინსტიტუტების კონსოლიდაციის საქმეში.
ყურადღება გამახვილდა საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებით ევროკომისიის დადებით რეკომენდაციაზე.
„პრემიერმა აღნიშნა, რომ ევროკომისიის ეს ისტორიული გადაწყვეტილება საქართველოს ევროპულ მომავალს განსაზღვრავს. როგორც ირაკლი ღარიბაშვილმა აღნიშნა, საქართველო აგრძელებს მნიშვნელოვან პროგრესს ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე და ამ პროცესში ვენეციის კომისიასთან ნაყოფიერი პარტნიორობა უმნიშვნელოვანესია. პრემიერ-მინისტრმა დელეგაციის წევრებს ევროინტეგრაციის გზაზე უკვე გატარებული რეფორმების შესახებ მიაწოდა ინფორმაცია. მხარეებმა ორმხრივი ნაყოფიერი თანამშრომლობის გაგრძელების მზადყოფნა გამოთქვეს,” - აღიშნულია ინფორმაციაში.
შეხვედრას ესწრებოდნენ: ვენეციის კომისიის ვიცე-პრეზიდენტი მაიკლ ფრენდო, კომისიის წევრი ეირიკ ჰოლმოვიკი, სამდივნოს წარმომადგენელი ტანია ვან დიკი, ევროპის საბჭოს საქართველოს ოფისის ხელმძღვანელი ნატალია ვუტოვა და საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი რევაზ ჯაველიძე.