აფხაზეთის ოკუპირებული რეგიონიდან გადმოსვენებული, 1990-იანი წლების შეიარაღებული მოქმედებების დროს უგზო-უკვლოდ დაკარგული 20 პირის სამოქალაქო პანაშვიდი სამების საკათედრო ტაძარში ორი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა. ამის შესახებ ნათქვამია შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
მათივე ინფორმაციით, დაღუპულთა ხსოვნას დღეს, სახელმწიფო მინისტრ თეა ახვლედიანთან ერთად, პატივი მიაგეს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, მთავრობის წევრებმა და სხვა სახელმწიფო უწყებების წარმომადგენლებმა.
„ხუთი მებრძოლი დიღმის ძმათა სასაფლაოზე, დანარჩენები კი, ოჯახების გადაწყვეტილებით სხვადასხვა ლოკაციაზე, მათ შორის საგვარეულო სასაფლაოებზე სამხედრო პატივით დაკრძალეს.
1990-იანი წლების შეიარაღებული მოქმედებებისა და 2008 წლის აგვისტოს ომში უგზო-უკვლოდ დაკარგულთა მოძიების მექანიზმების ფარგლებში, პირველი იდენტიფიცირება და გადმოსვენება 2013 წელს მოხდა. ამ დრომდე, მექანიზმების ფარგლებში, ნაპოვნია 604 ადამიანის ნეშტი, მათგან იდენტიფიცირებულია 265,“ - ნათქვამია ინფორმაციაში.