ჩეხეთი რუსეთის კუთვნილ დაახლოებით 50 ობიექტს დააყადაღებს

ჩეხეთის ხელისუფლება დააყადაღებს 50-ზე მეტ ობიექტს, რომლებიც რუსეთის ფედერალურ სახელმწიფო კომპანია „გოსზაგრანსობსტვოს“ ეკუთვნის.

ჩეხეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, დააყადაღებენ პრაღასა და კარლოვი-ვარიში მდებარე ობიექტებს. შეზღუდვებს არ ექვემდებარება მხოლოდ ოთხი შენობა, რომლებსაც რუსი დიპლომატები იყენებდნენ. ჩეხეთის მთავრობამ ხსენებული კომპანიის წინააღმდეგ ეროვნული სანქციები დააწესა. 


უფრო ადრე ჩეხეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა იან ლიპავსკიმ განაცხადა, რომ სახელმწიფო დაბლოკავს სანქცირებული „გოსზაგრანსობსტვოს“ფინანსურ ანგარიშებს, ხოლო მისი ქონება მიწის რეესტრში გაყინულია, რათა კომპანიამ ვერ შეძლოს უძრავი ქონების გაყიდვა.

ჩეხეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს თანახმად, „გოსზაგრანსობსტვოს“ მართვაში არსებულ სახლებში ბინების გაქირავებიდან მიღებული შემოსავალი ჩაირიცხება სპეციალურ ანგარიშზე, რომელზეც რუსეთს წვდომა არ ექნება. მოსკოვი ჩეხეთის გადაწყვეტილებას ანტირუსულს უწოდებს.

ჩეხეთში რუსეთის მიერ უსასყიდლოდ გამოყენებული მიწის ნაკვეთების საერთო ფართობი 92,001 კვადრატული მეტრია, აქედან 87,863 კვადრატული მეტრი ჩეხეთის სახელმწიფოს საკუთრებაშია.

ჩეხეთის მთავრობამ ოთხშაბათს, 15 ნოემბერს დაუჭირა მხარი საგარეო საქმეთა მინისტრის იან ლიპავსკის წინადადებას ჩეხეთის ტერიტორიაზე რუსეთის სახელმწიფო აქტივის გაყინვის შესახებ.