ევროპის უშიშროებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციაში (ეუთო) აშშ-ის მისია რუსი ოკუპანტების მიერ თამაზ გინტურის მკვლელობის ფაქტს გმობს. შესაბამისი განცხადება მისიის ვებგვერდზე განთავსდა.
„საქართველოს მოქალაქის თამაზ გინტურის მკვლელობა შეგვახსენებს, თუ როგორ აისახება რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიის ოკუპაცია ქვეყნის მოსახლეობაზე. 6 ოქტომბერს ბ-ნი გინტური ეწვია სოფელ კირბალის მახლობლად მდებარე სასაფლაოსა და ეკლესიას, როდესაც რუსეთის სამხედრო ძალებმა მის მანქანას ცეცხლი გაუხსნეს. ის რუსეთის საოკუპაციო ძალებმა საკუთარ ქვეყანაში გადაადგილების გამო მოკლეს. ჩვენ ვგმობთ ამ მკვლელობას. სამწუხაროდ, რუსეთი აგრძელებს “ადმინისტრაციული საზღვრების“ გამაგრებას, რაც განსაზღვრავს მის მიერ საქართველოს ტერიტორიის 20%-ის ოკუპაციას.
რუსეთს საერთაშორისო სამართლის მიხედვით, აქვს ვალდებულება, პატივი სცეს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას. აფხაზეთისა და “სამხრეთ ოსეთის“ რეგიონები საქართველოს განუყოფელი ნაწილია. ჩვენ კიდევ ერთხელ ვიმეორებთ, რომ მტკიცედ ვუჭერთ მხარს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში.
ჩვენ კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ რუსეთს, შეასრულოს 2008 წელს ევროკავშირის შუამავლობით დადებული ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულება და გაიყვანოს თავისი ძალები კონფლიქტამდელ პოზიციებზე.
ჩვენ ასევე მოვუწოდებთ ჰუმანიტარული ორგანიზაციების სრულ და შეუზღუდავ წვდომას საქართველოს სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის რეგიონებში. კონფლიქტით დაზარალებულ რაიონებში მცხოვრები ადამიანების ტანჯვა და გაჭირვება ძალიან გაჭიანურდა. ჩვენ მივესალმებით თქვენს, როგორც ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების თანათავმჯდომარეთა როლს კონფლიქტის მოსაგვარებლად მშვიდობიანი პროცესის დაცვაში და ვაღიარებთ ამ მისიის სირთულეს.
პირველ ნოემბერს ერგნეთის ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში, (IPRM) ეუთოს სპეციალური წარმომადგენლის, ელჩი მოშანუსა და ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ერთობლივი ხელშეწყობით, 115-ე შეხვედრა გაიმართა.
შეერთებული შტატები მიესალმება ერგნეთი-IPRM-ის ამ მიმდინარე შეხვედრებს და კიდევ ერთხელ ადასტურებს თავის მტკიცე პოზიციას, რომ გალის IPRM-ი დაუყოვნებლივ უნდა განახლდეს წინაპირობების გარეშე. ჩვენ ვიმეორებთ ჩვენს მტკიცე მხარდაჭერას საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში. შეერთებული შტატები მზადაა ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების ფორმატში კონსტრუქციული ჩართულობისთვის,“ - ნათქვამია განცხადებაში.
შეგახსენებთ, ეუთოს მოქმედი თავმჯდომარის სპეციალური წარმომადგენელი სამხრეთ კავკასიაში, ელჩი ვიორელ მოშანუ Europetime-თან აცხადებს, რომ მოსკოვში გამართული შეხვედრების შემდეგ, ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების (GID) თანათავმჯდომარეები კონსულტაციების გამართვას თბილისში გეგმავენ.