მოსკოვში გამართული შეხვედრების შემდეგ, ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების თანათავმჯდომარეები კონსულტაციების გამართვას თბილისში გეგმავენ - ელჩი ვიორელ მოშანუ

ექსკლუზივი

ეუთოს მოქმედი თავმჯდომარის სპეციალური წარმომადგენელი სამხრეთ კავკასიაში, ელჩი ვიორელ მოშანუ Europetime-თან აცხადებს, რომ მოსკოვში გამართული შეხვედრების შემდეგ, ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების (GID) თანათავმჯდომარეები კონსულტაციების გამართვას თბილისში გეგმავენ.


15 ნოემბერს, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ გალუზინისა და ამიერკავკასიაში უსაფრთხოებისა და სტაბილურობის შესახებ ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების თანათავმჯდომარეების შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ "საქართველოს მოქალაქეების მიერ “სამხრეთ ოსეთის“ საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის ბოლო ინციდენტის ფონზე, ხაზი გაესვა თანათავმჯდომარეების უფრო ენერგიულ მუშაობას ოფიციალურ თბილისთან, რათა თავიდან ავიცილოთ ახალი გამწვავებები საქართველო-სამხრეთ ოსეთის სასაზღვრო ზონაში."


შეხვედრაზე თანათავმჯდომარეების პოზიციების გარკვევის მიზნით, Europetime საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებს დაუკავშირდა, რის შემდეგაც, გამოცემამ ეუთოს მოქმედი თავმჯდომარის სპეციალური წარმომადგენლის კომენტარი მიიღო.

„ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების (GID) თანათავმჯდომარეები, მომდევნო რაუნდის წინ, GID-ის ყველა მონაწილესთან ამჟამად რეგულარულ კონსულტაციებს აწარმოებენ. გუშინ, 15 ნოემბერს, მოსკოვში გამართული შეხვედრების შემდეგ, ისინი მომავალ კვირას, თბილისში კონსულტაციებსაც გეგმავენ. ფორმატის შემდეგი რაუნდი ჟენევაში, 2023 წლის დეკემბრის პირველ კვირას უნდა ჩატარდეს,“ - განუცხადა ელჩმა ვიორელ მოშანუმ Europetime-ს.


ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებები შექმნილია 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმების საფუძველზე. დისკუსიები მიმდინარეობს ორი სამუშაო ჯგუფის ფარგლებში, სადაც მოლაპარაკებების მონაწილეები ინდივიდუალური სტატუსით არიან წარმოდგენილი.

პირველი სამუშაო ჯგუფის ფარგლებში განიხილება საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე უსაფრთხოებისა და სტაბილურობის საკითხები, ხოლო მეორე სამუშაო ჯგუფში - ოკუპირებული აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებში ადამიანის უფლებებისა და ჰუმანიტარული კუთხით არსებული მდგომარება, ასევე იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა საკუთარ საცხოვრებელ სახლებში უსაფრთხო და ღირსეულ დაბრუნებასთან დაკავშირებული საკითხები.


მოლაპარაკებები იმართება ევროკავშირის, გაეროსა და ეუთოს თანათავმჯდომარეობით და საქართველოს, რუსეთის ფედერაციისა და ამერიკის შეერთებული შტატების მონაწილეობით. სამუშაო ჯგუფის შეხვედრებს ესწრებიან აგრეთვე ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის დროებითი ადმინისტრაციის ხელმძღვანელი და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე ისევე, როგორც ცხინვალისა და სოხუმის საოკუპაციო რეჟიმების წარმომადგენლები.


ცნობისთვის, კირბალის მიმდებარედ, რუსეთის საოკუპაციო ძალებმა საქართველოს მოქალაქე თამაზ გინტური მოკლეს, ერთი მოქალაქე გაიტაცეს. თამაზ გინტურის მკვლელობისას, ოკუპანტების მიერ უკანონოდ დაკავებული 9 ნოემბერს გათავისუფლდა.

შეგახსენებთ, 6 ნოემბერს, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ “სოფელ კირბალის მიმდებარედ, რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ ცეცხლსასროლი იარაღით სროლის შედეგად, საქართველოს მოქალაქე გარდაიცვალა.“ განცხადებები გაავრცელებს პრეზიდენტმა და პრემიერ-მინისტრმა.


შსს-მ საქართველოს მოქალაქის მკვლელობის და ერთი პირის გატაცების ფაქტებთან დაკავშირებით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე და 143-ე მუხლებით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობას და თავისუფლების უკანონო აღკვეთას გულისხმობს. ერგნეთში ქართული მხარის მოთხოვნით, შეხვედრა გაიმართა.

ევროკავშირის მონიტორინგის მისია, სოფელ კირბალთან სროლის ფაქტს ადასტურებს და „უკიდურეს შეშფოთებას“ გამოთქვამს. მისია აცხადებს, რომ „რეგიონში მშვიდობისა და უსაფრთხოების შესანარჩუნებლად აუცილებელია მსგავსი ინციდენტების აღკვეთა.“

განცხადება გაავრცელეს საერთაშორისო პარტნიორებმა. მკვლელობა დაგმეს ევროკავშირმა და აშშ-მ.