საქართველომ და სომხეთმა თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის გეგმას მოაწერეს ხელი

საქართველოს თავდაცვის მინისტრი ოფიციალური ვიზიტით სომხეთის რესპუბლიკაში იმყოფება.

საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ცნობით, ჯუანშერ ბურჭულაძე სომეხ კოლეგას სურენ პაპიკიანს შეხვდა.


ორი ქვეყნის თავდაცვის მინისტრებმა რეგიონში არსებული უსაფრთხოების გარემო მიმოიხილეს. ჯუანშერ ბურჭულაძემ აღნიშნა, რომ მშვიდობიანი სამეზობლო ინიციატივის ფარგლებში, საქართველო მზად არის, გააგრძელოს რეგიონში მშვიდობის პროცესის ხელშეწყობა.

„მხარეებმა ორ ქვეყანას შორის თავდაცვის სფეროში მიმდინარე და მომავალი თანამშრომლობის საკითხები განიხილეს. შეხვედრის შემდეგ, ჯუანშერ ბურჭულაძემ და სურენ პაპიკიანმა ხელი მოაწერეს უწყებებს შორის ორმხრივი თანამშრომლობის გეგმას,“ -  ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.


რაც შეეხება ფაშინიანთან შეხვედრას, სომხური მედიის ცნობით, ფაშინიანმა აღნიშნა, რომ სომხეთსა და საქართველოს შორის ურთიერთობები დინამიკურად ვითარდება და რომ სხვადასხვა სფეროში თანამშრომლობის გაფართოება ფიქსირდება, რასაც ერევანი დიდი მნიშვნელობას ანიჭებს.

„ეს პრიორიტეტია სომხეთის რესპუბლიკის მთავრობისთვის,“ - აღნიშნა ფაშინიანმა.

შეხვედრაზე უსაფრთხოებისა და თავდაცვის, ასევე რეგიონული მშვიდობისა და სტაბილურობის სფეროში თანამშრომლობისა და გამოცდილების გაცვლის საკითხები განიხილეს.