საქართველო სომხეთს და აზერბაიჯანს აძლევს შესაძლებლობას, თანაბარ პირობებში ისარგებლონ ჩვენი ქვეყნის სატრანზიტო ფუნქციით - ილია დარჩიაშვილი

შეუშლის თუ არა ხელს სომხეთ-აზერბაიჯანის ურთიერთობებში საქართველოს, როგორც მედიატორის მნიშვნელოვან როლს აზერბაიჯანულ და შემდგომში ქართულ მედიაში გავრცელებული ინფორმაცია იმის შესახებ, რომ საქართველოს გავლით მოხდა სომხეთისთვის საფრანგეთიდან ჯავშანტექნიკის მიწოდება.

ამ შეკითხვას უპასუხა საგარეო საქმეთა მინისტრმა, ილია დარჩიაშვილმა საზოგადოებრივ მაუწყებელთან ინტერვიუს დროს.

უწყების ხელმძღვანელის თქმით, საქართველოს ორმხრივ ფორმატებში აქვს ძალიან კარგი, მეგობრული ურთიერთობა და თანამშრომლობა მეზობელ ქვეყნებთან – თურქეთთან, სომხეთთან და აზერბაიჯანთან.


როგორც საგარეო უწყების ხელმძღვანელმა აღნიშნა, საქართველო საკმაოდ წარმატებით ახორციელებს ამ პროცესში მიუკერძოებელი მოთამაშის როლის განხორციელებას.

„ჩვენს ორ მეგობარ და მოძმე ერთან ერთად, ჩვენი მთავარი მიზანია, უზრუნველვყოთ რეგიონში მშვიდობა და სტაბილურობა. ზოგადად, საქართველო ყოველთვის, წლების განმავლობაში ცდილობდა, ეს ბუნებრივი როლი ეკისრა ამ პროცესში, თუმცა ძალიან რთული, კომპლექსური კონფლიქტი იყო და სწორედ პრემიერ-მინისტრის განსაკუთრებული ძალისხმევით, ორი ქვეყნის ლიდერებთან მისი პირადი ურთიერთობებით მივიღეთ კონკრეტული შედეგი, ორივე ქვეყნისთვის ურთიერთსასარგებლო შეთანხმების,“ – განაცხადა დარჩიაშვილმა.


მისი თქმით, სომხეთმა და აზერბაიჯანმა ღიად დაიწყეს საუბარი მშვიდობის აუცილებლობაზე, სამშვიდობო შეთანხმების ხელმოწერაზე და მათი ნარატივი მთლიანად მშვიდობაზეა ფოკუსირებული.

„ეს ჩვენ არაერთხელ მოვისმინეთ პრეზიდენტ ალიევის საქართველოში ვიზიტისას, პრემიერ ფაშინიანის საქართველოში ვიზიტისას და ასევე, აზერბაიჯანის პრემიერის საქართველოში ვიზიტისას. საქართველო ორივე ქვეყანას აძლევს შესაძლებლობას, თანაბარ პირობებში ისარგებლონ ჩვენი ქვეყნის სატრანზიტო ფუნქციით, ამ შესაძლებლობით, რომ ჩვენი ქვეყანა გამოიყენონ სატრანზიტო თვალსაზრისით.


მინდა, ხაზი გავუსვა, რომ ეს არის თანაბარ პირობებში. ნებისმიერ ქვეყანას აქვს უფლება, ჰყავდეს თავდაცვის ძალები და როდესაც საკითხი ეხება საერთაშორისო შეთანხმებებით ნებადართულ კონვენციურ აღჭურვილობას თუ იარაღს, ნებისმიერ ქვეყანას აქვს ამის შეძენის უფლება. საქართველოს პოზიციაა, თანაბარ პირობებში ორივე ქვეყანას მისცეს შესაძლებლობა, რომ მათ ისარგებლონ იმ სატრანზიტო ფუნქციით, რომელიც ჩვენს ქვეყანას აქვს. შესაბამისად, ეს არის ჩვენი პასუხი ამ საკითხთან დაკავშირებით და ამ საკითხთან დაკავშირებით ზედმეტი ინსინუაცია თუ წიაღსვლა უადგილო იქნება,“ – განაცხადა დარჩიაშვილმა.


შეკითხვაზე, როგორ ფიქრობს ქვეყანა რეგიონული ურთიერთობების განვითარებას და რა ფორმატები შეიძლება, წარმოიდგინოს საქართველომ თუნდაც სამმხრივი ან უფრო მეტად გაფართოებული ურთიერთობებისთვის, ილია დარჩიაშვილმა აღნიშნა, რომ საქართველოს „3+3“ ფორმატთან დაკავშირებით ცალსახა პოზიცია აქვს, ქვეყანა ამ ფორმატში არ მონაწილეობდა, არ მონაწილეობს და არც მომავალში მიიღებს მონაწილეობა. ილია დარჩიაშვილმა ასევე განაცხადა, რომ უკრაინის მიმართ საქართველოს სოლიდარობა ძალიან ცალსახაა და ეს მომავალშიც გაგრძელდება.


შეკითხვაზე, როდის უნდა ველოდოთ საქართველოს საგარეო ურთიერთობათა სტრატეგიული დოკუმენტის განახლებას, მსოფლიოში დღეს მიმდინარე პროცესების გათვალისწინებით, საგარეო საქმეთა მინისტრმა განაცხადა, რომ, საერთო ჯამში, საქართველოს ექნება სტრატეგია-დოკუმენტი, რომელიც ლოგიკურად ასახავს რეგიონში და რეგიონს მიღმა მიმდინარე პროცესებს.

„ეს იქნება ადეკვატური მექანიზმი იმისთვის, რომ საქართველო იყოს თანხვედრაში მსოფლიოში მიმდინარე პროცესებთან. ჩვენი თითოეული საგარეო პოლიტიკური ნაბიჯი, ერთი მხრივ, შესაბამისობა-თანხვედრაშია ჩვენი პარტნიორების პოზიციონირებასთან, მეორე მხრივ, შესაბამისობაშია ჩვენს საგარეო პოლიტიკურ პრიორიტეტებთან და, მესამე მხრივ, უზრუნველყოფს ჩვენი ხალხის ინტერესს და სურვილს, იცხოვროს მშვიდობიან, ეკონომიკურად განვითარებულ ქვეყანაში,“ – განაცხადა ილია დარჩიაშვილმა.


ცნობისთვის, აზერბაიჯანულ მედიაში 13 ნოემბერს გავრცელდა ინფორმაცია, რომ სომხეთს მისთვის განკუთვნილი ფრანგული სამხედრო ტექნიკა, კერძოდ, ჯავშანტრანსპორტიორები Bastion-ი, საქართველოს გავლით მიეწოდა. ამტკიცებდნენ, რომ სოციალურ ქსელში ასევე გავრცელდა ფოთის პორტში გადაღებული ვიდეოკადრებიც. "ეიპიემ ტერმინალს ფოთი" რადიო თავისუფლებასთნ ადასტურებს, რომ სომხეთს საქართველოს გავლით მიეწოდა "კონკრეტული ტვირთი": „გვსურს ხაზგასმით აღვნიშნოთ, რომ ამ კონკრეტულ შემთხვევაში, ტვირთი შემოსულია ევროკავშირის ქვეყნიდან - საფრანგეთიდან და მიმართულია სომხეთში - ქვეყანაში, რომელიც არ არის სანქცირებული. ამასთანავე, საქართველოს მთავრობის მკაფიო მითითებებისა და საერთაშორისო მარეგულირებლების მიერ დაწესებული შეზღუდვების არარსებობის პირობებში, "ეიპიემ ტერმინალს ფოთი", მრავალმიზნობრივი ნავსადგური საქართველოსა და რეგიონში, მოკლებულია შესაძლებლობას, უსაფუძვლოდ თქვას უარი იმ ტვირთის მიღებაზე, რომელიც არ არის სანქცირებული,“ - განუცხადეს გამოცემას.


23 ოქტომბერს სომხეთმა და საფრანგეთმა თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის შესახებ შეთანხმებას ხელი მოაწერეს.

შეთანხმება სომხეთისთვის Thales-ის მიერ წარმოებული სამი რადარის მიწოდებას და ფრანგული „მისტრალის“ტიპის საზენიტო-სარაკეტო სისტემების მომავალში გადაცემას ითვალისწინებს.