ბინიდან დამქირავებლის გამოსახლება გამარტივდება

საქართველოს იუსტიციის მინისტრი, რატი ბრეგაძე აცხადებს, რომ მისი სამინისტრო მუშაობს ინიციატივაზე, რომელიც გაამარტივებს ბინიდან იმ ადამიანების გამოსახლებას, რომლებიც მეპატრონეს ქირის გადასახადს არ გადაუხდიან.

ამის შესახებ მან პარლამენტში, მინისტრის საათის ფორმატში ისაუბრა. მან აღნიშნა, რომ სასამართლო განხილვები, რომელიც ბინიდან ხალხის გამოსასახლებლად იმართება, რამდენიმე თვე გრძელდება და ამ დროის განმავლობაში მესაკუთრის უფლებები შეზღუდულია. მინისტრის თქმით, მათ აქვთ ინიციატივა, რომელიც ამ პროცესს გაამარტივებს.


რატი ბრეგაძის თქმით, შესაბამის საკანონმდებლო ინიციატივას პარლამენტს უახლოეს მომავალში წარუდგენენ.

„ეს არის ძალიან დიდი პრობლემა კერძოდ, ხშირია შემთხვევა, როდესაც ადამიანმა ბინა გააქირავა და მოქირავნე აღარ გამოდის. ამ პრობლემის გადაჭრის მკაფიო სამართლებრივი მექანიზმი დღეისთვის არ არსებობს, შესაბამისად, როდესაც მესაკუთრეს აქვს ბინა, მას არც ფულს უხდიან ბინაში, არც იქიდან გამოდიან. ეს არის პრობლემა, რომელიც საკუთრების ფუნდამენტურ უფლებას უკავშირდება.

შემდეგ იმართება სასამართლო პროცესები, რომელიც შესაძლოა, ერთი წელიც გაგრძელდეს და მთელი ამ პერიოდის განმავლობაში ადამიანს საკუთრების უფლება შეზღუდული აქვს, რაც ყოვლად დაუშვებელია. სწორედ ამიტომ, მოხარული ვარ, გაცნობოთ ინიციატივაზე, რომელიც შევიმუშავეთ.

კერძოდ, მომხმარებელს შესაძლებლობა მიეცემა, ქირავნობის ხელშეკრულება საჯარო რეესტრში დაარეგისტრიროს, სადაც მითითებული იქნება, რომ თუ მოქირავნე არ შეასრულებს ვალდებულებას, არ გადაიხდის თანხას, მას აღსრულების ეროვნული ბიურო გამოასახლებს.

ამ შემთხვევაში მესაკუთრის უფლებები დაცული იქნება. ეს სასამართლოს გადაწყვეტილების გარეშე მოხდება და ამაზე მხარეები წინასწარ იქნებიან შეთანხმებულები. თუ მხარეები გადაწყვეტენ, მსგავსი ტიპის ხელშეკრულება გააფორმონ, ისინი დაცულები იქნებიან და მათი საკუთრების უფლება ქმედითად რეალიზებული იქნება. ეს ინიციატივა გვაქვს და ცოტა ხანში წარვუდგენთ საქართველოს პარლამენტს,“ - განაცხადა რატი ბრეგაძემ.


მინისტრის განმარტებით, მომხმარებელს შესაძლებლობა მიეცემა, ქირავნობის ხელშეკრულება საჯარო რეესტრში დაარეგისტრიროს, სადაც მითითებული იქნება, რომ თუ მოქირავნე ვალდებულებას არ შეასრულებს და თანხას არ გადაიხდის, მას აღსრულების ეროვნული ბიურო გამოასახლებს.

ბოლო წლებში მიღებული კანონმდებლობით, პრობლემურ საკითხად იქცა ბინებიდან იმ ადამიანების გამოსახლება, რომლებიც მეპატრონეებს არ უხდიან ქირის საფასურს. ამ პრობლემის გადაჭრის მკაფიო სამართლებრივი მექანიზმი დღეისთვის არ არსებობს.