ელჩი დანიგანი: ყოველთვის დავიცავ საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას

აშშ-ის ელჩი, რობინ დანიგანი იმ პრიორიტეტბზე კიდევ ერთხელ საუბრობს, რა მიმართულებითაც მუშაობას აპირებს. მან ევროატლანტიკური ინტეგრაციის მიმართულებით დაუღალავი შრომის პირობა კიდევ ერთხელ დადო. ხაზი გაუსვა ქვეყნის ეკონომიკის განვითარების მნიშვნელობას.


დანიგანმა აღნიშნა, რომ ყოველთვის დაიცავს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას.

„უზარმაზარი ნაბიჯი გადადგა საქართველომ 8 ნოემბერს. ძალიან მნიშვნელოვანია ის 9 ნაბიჯი, რომლებიც ევროკომისიამ განსაზღვრა. იმედი მაქვს, რომ ეს იქნება შესაძლებლობა, რომ გაერთიანდნენ პოლიტიკური მხარეები საქართველოსთვის - ეს მოითხოვს ერთიანობას. მოუთმენლად ველით გადაწყვეტილებას, ეს არის დიდი შესაძლებლობა, რომელიც საქართველომ უნდა გამოიყენოს,“  განაცხადა აშშ-ის ელჩმა რობინ დანიგანმა „მთავარ არხთან“ ინტერვიუში.


რობინ დანიგანმა ამავე ინტერვიუს დროს აღნიშნა, რომ ნეგატიური რიტორიკა საქართველოსა და ამერიკას შორის პარტნიორობის ხასიათში არ არის.

„ჩვენ 30 წელზე მეტია, გვაქვს პარტნიორობა, ეს მართლაც წარმოუდგენელია, რაც ერთად შევძელით. დაახლოებით 6 მილიარდის დახმარება გამოვუყავით საქართველოს, რათა განვითარებულიყო ჯანდაცვის, მედიის სფერო, ხალხთაშორის ურთიერთობა. ამერიკელი და ქართველი ხალხები იზიარებენ ღირებულებებს - ჩენ გვჯერა დემოკრატიის, თავისუფალი არჩევანის და ჩვენ ვიმუშავებთ, რომ უკეთესი მოვალი მოვუტანოთ მომავალ თაობას. ველოდები, რომ თანამშრომლობითი ურთიერთობა გვექნება მთავრობასთან, პრეზიდენტთან, სამოქალაქო საზოგადოებასთან, ოპოზიციასთან, მედიასთან,“ აღნიშნა ელჩმა.


რობინ დანიგანმა რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ თამაზ გინტურის შესახებ დასმულ შეკითხვასაც უპასუხა.

„საქართველო ნამდვილად რთულ სამეზობლოში ცხოვრობს და ამიტომ ვფიქრობ, რომ მნიშვნელოვანია უფრო მეტი ინტეგრაცია დასავლეთთან, ევროპასთან, NATO-სთან. ქართველებმა უკეთ იციან, რა საფრთხეს წარმოადგენს პუტინი, რადგან საქართველოს ტერიტორიების 20% ოკუპირებულია. მინდა, სამძიმარი გამოვხატო თამაზ გინტურის ოჯახის მიმართ, ეს არის ტრაგიკული შედეგი ამ ოკუპაციისა. კიდევ ერთხელ მინდა აღვნიშნო, საქართველოს მთავრობის და ხალხის გადასაწყვეტია, რა უნდა იყოს ქვეყნის საგარეო პოლიტიკა - მე ვიტყოდი, რომ ამერიკის შეერთებული შტატები, ევროკავშირი მსოფლიოს დიდი ნაწილი შორდება რუსეთთან ურთიერთობას. შემდეგი ნაბიჯი კანდიდატის სტატუსის ფარგლებში იქნება ევროკავშირის საგარეო პოლიტიკასთან დაახლოება.

ევროკავშირი რა თქმა უნდა, დააკვირდება იმას, რომ საქართველო უფრო მეტად იყოს დაახლოებული ევროპის უსაფრთხოების პოლიტიკასთან. მე არ მსურს, ვისაუბრო, როგორ უნდა წარმართოს ქვეყანამ თავისი საგარეო პოლიტიკა, თუმცა ჩვენ ვიცით პუტინის პოლიტიკის ნეგატიური ასპექტი - ის, თუ რა ნიშნავს ეს საქართველოსთვის, უკრაინისთვის. ჩვენ ვცხოვრობთ მსოფლიოში, როდესაც უკრაინელები ყოველდღიურად იბრძვიან თავიანთი სუვერენიტეტისათვის,“ განაცხადა ელჩმა დანიგანმა.


რაც შეეხება ჩინეთთან ურთიერთობას და რისკებს, დანიგანმა ხაზი გაუსვა „იძულებითი ეკონომიკის პრაქტიკას.“

„როდესაც ჩინეთთან იჭერ საქმეს, ყოველთვის უნდა იყო ფრთხილად და გესმოდეს პოტენციური შედეგი შენს კრიტიკულ ინფრასტრუქტურაზე. ასევე უნდა უზრუნველყო ის, რომ ეკონომიკური ურთიერთობა იყოს სამართლიანი და ეფუძნებოდეს საბაზრო ეკონომიკას,“ - აღნიშნა ელჩმა დანიგანმა.