სომხეთმა კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციას (CSTO) სთხოვა, ქვეყნის დახმარების დოკუმენტი დღის წესრიგიდან ამოეღო. ამის შესახებ CSTO-ს გენერალურმა მდივანმა იმანგალი ტასმაგამბეტოვმა 20 ნოემბერს ბელორუსის პრეზიდენტ, ალექსანდრე ლუკაშენკოსთან შეხვედრისას განაცხადა.
მისი თქმით, ბელორუსმა შეასრულა საბჭოს 34 პრიორიტეტული მიმართულებიდან 32.
„2 ღონისძიების განხორციელება ვერ მოხერხდა: „ერთი მათგანი ეხება კოლექტიური უშიშროების საბჭოს დახმარებას სომხეთისთვის. მიუხედავად იმისა, რომ სხვა მოკავშირეებმა მხარი დაუჭირეს ამ გადაწყვეტილებას, სომხური მხარე ამ დოკუმენტით არ დაინტერესდა. გარდა ამისა, სომხეთმა მოითხოვა ამ საკითხის დღის წესრიგიდან ამოღება,“ - განაცხადა ტასმაგამბეტოვმა.
შეგახსენებთ, სომხეთის პრემიერ-მინისტრი მინსკში დაგეგმილ კოლექტიური უსაფრთხოების (CSTO) ხელშეკრულების ორგანიზაციის სამიტში მონაწილეობას არ მიიღებს.
სომხური მედიის ცნობით, სომხეთის პრემიერის ოფისმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ ბელორუსის მხარის ინიციატივით, ფაშინიანმა ქვეყნის პრეზიდენტ ალექსანდრე ლუკაშენკოსთან სატელეფონო საუბარი გამართა.
„მხარეებმა განიხილეს ბელორუსის დედაქალაქ მინსკში, 23 ნოემბერს CSTO-ს კოლექტიური უსაფრთხოების ორგანიზაციის სხდომის ორგანიზებასთან დაკავშირებული საკითხები. ასევე, ფაშინიანმა აცნობა ლუკაშენკოს, რომ ის ვერ მიიღებს მონაწილეობას ამ შეხვედრაში და იმედი გამოთქვა, რომ CSTO-ში მისი კოლეგები გაგებით მოეკიდებიან ამ გადაწყვეტილებას,“ - წერს სომხური მედია. ფაშინიანის გადაწყვეტილების მიზეზი ინფორმაციაში განმარტებული არ არის.