ოფიციალური პირები საუდის არაბეთიდან, იორდანიიდან, ეგვიპტიდან, ინდონეზიიდან, პალესტინიდან და ისლამური თანამშრომლობის ორგანიზაციიდან დღეს, 20 ნოემბერს, პეკინში ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრს ვან ის შეხვდნენ და ისრაელ - „ჰამასის“ კონფლიქტზე ისაუბრეს. ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, ვან ის თქმით, პეკინი არაბული და მუსლიმური ქვეყნების „კარგი მეგობარი და ძმაა" და რომ მისი ქვეყანა „ყოველთვის მტკიცედ უჭერდა მხარს პალესტინელი ხალხის სამართლიან საქმეს, აღადგინონ მათი ლეგიტიმური ეროვნული უფლებები და ინტერესები.“
„ჩვენი მოწოდებაა ორი სახელმწიფოს გადაწყვეტაზე დაბრუნება და პალესტინის საკითხის ყოვლისმომცველი, სამართლიანი და გრძელვადიანი მოგვარების რეალიზაცია. 11 ნოემბერს ისლამურმა არაბულმა ქვეყნებმა მოიწვიეს ერთობლივი რიგგარეშე სამიტი პალესტინა-ისრაელის სიტუაციის შესახებ მკაფიო და ძლიერი საერთო განცხადების გასაკეთებლად და მხარი დაუჭირეს ცეცხლის შეწყვეტას, მშვიდობიანი მოსახლეობის დაცვას, ჰუმანიტარულ დახმარებას და ორი სახელმწიფოს გადაწყვეტის განხორციელებას.
ჩინეთი სრულად უჭერს მხარს ამას. მზად ვართ, ვიმუშაოთ ჩვენს ძმებთან და დებთან ერთად არაბულ და ისლამურ ქვეყნებში, რათა უზრუნველვყოთ შეუწყვეტელი ძალისხმევა ღაზაში ბრძოლების შეძლებისდაგვარად სწრაფად დასასრულებლად, ჰუმანიტარული კრიზისის შემსუბუქებისთვის და პალესტინის საკითხის ადრეული, ყოვლისმომცველი, სამართლიანი და ხანგრძლივი გადაწყვეტის ხელშეწყობისთვის,“ – განაცხადა ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა.
„ჩვენ აქ ვართ იმისათვის, რომ გავაგზავნოთ მკაფიო სიგნალი: სასწრაფოდ უნდა შევაჩეროთ ბრძოლა და მკვლელობები, სასწრაფოდ უნდა მივაწოდოთ ჰუმანიტარული მარაგები ღაზას,“ - განაცხადა თავის მხრივ, საუდის არაბეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, პრინცმა ფეისალ ბინ ფარჰან ალ საუდმა.
მისი თქმით, ჩინეთი იმუშავებს იმისათვის, რომ „რაც შეიძლება მალე ჩაახშოს ბრძოლა ღაზის სექტორში, შეამსუბუქოს ჰუმანიტარული კრიზისი და ხელი შეუწყოს პალესტინის საკითხის სწრაფ, ყოვლისმომცველ, სამართლიან და ხანგრძლივ მოგვარებას.“