FT: ჩეხეთი ევროკავშირს რუსი დიპლომატებისთვის მოგზაურობის შეზღუდვას სთავაზობს

ევროკავშირი განიხილავს ჩეხეთის რესპუბლიკის წინადადებას რუსი დიპლომატების შენგენის ზონაში თავისუფლად გადაადგილების აკრძალვის შესახებ. ამის შესახებ Financial Times-ი იტყობინება და წერს, რომ საკითხის ირგვლივ დებატები გრელდება. გამოცემის წყაროს თანახმად, ჩეხეთი მოუწოდებს მოკავშირეებს, რომ რუს დიპლომატებს ვიზები და ბინადრობის ნებართვა გასცეს მხოლოდ იმ ქვეყანამ, რომელშიც ისინი მუშაობენ. გარდა ამისა, ჩეხეთის წარმომადგენლებს სურთ, რომ ევროკავშირის ქვეყნებმა დიპლომატებისგან მიიღონ მხოლოდ ბიომეტრიული პასპორტები, რომელთა გაყალბება უფრო რთულია.


პრაღა განმარტავს, რომ მის ტერიტორიაზე ჩადიან რუსეთის სამხედრო დაზვერვის და სხვა სამსახურების აგენტები ", ხოლო შენგენის ზონაში ამის კონტროლი რთულია.

ჩეხეთის წინადადება განიხილება უკრაინაში რუსეთის შეჭრის საპასუხოდ შემოღებული სანქციების მე-12 პაკეტზე მოლაპარაკებების ფარგლებში. Financial Times-ი აღნიშნავს, რომ დისკუსია ადრეულ ეტაპზეა და ნაკლებად სავარაუდოა, რომ ჩეხური წინადადება პაკეტში შევიდეს.

ევროკავშირის უმაღლესმა დიპლომატმა, ჯოზეფ ბორელმა, ევროკომისიასთან ერთად, 15 ნოემბერს წევრ ქვეყნებს რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მე-12 პაკეტი წარუდგინა.

ჩეხეთის მთავრობამ ოთხშაბათს, 15 ნოემბერს დაუჭირა მხარი საგარეო საქმეთა მინისტრის იან ლიპავსკის წინადადებას ჩეხეთის ტერიტორიაზე რუსეთის სახელმწიფო აქტივის გაყინვის შესახებ.