მიშელი კიევში: თქვენ იბრძვით ჩვენი საერთო მომავლისთვის

უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი ევროპული საბჭოს პრეზიდენტს შარლ მიშელს შეხვდა.
 
კარგი შეხვედრა ევროპული საბჭოს პრეზიდენტთან შარლ მიშელთან. განსაკუთრებით, ჩვენი ქვეყნისთვის ასეთ მნიშვნელოვან დღეს - ღირსებისა და თავისუფლების დღეს. დეკემბერში ძლიერი გადაწყვეტილების იმედი გვაქვს. გმადლობთ უკრაინის მხარდაჭერისა და დახმარებისთვის!" - განაცხადა ზელენსკიმ.

მიშელი სამშაბათს, 21 ნოემბერს, მოულოდნელი ვიზიტით ეწვია კიევს. ევროკავშირი ემზადება უკრაინასთან გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების დასაწყებად, შესაბამისი რეკომენდაცია ევროკომისიამ 8 ნოემბერს გასცა. გადაწყვეტილება დეკემბერში გახდება ცნობილი. სამშაბათს კიევს გერმანიის თავდაცვის მინისტრი, ბორის პისტორიუსი და მოლდოვის პრეზიდენტი, მაია სანდუ ეწვივნენ. 
 
„მინდა, დავაფიქსირო ევროკავშირის სრული მხარდაჭერა - თქვენ იბრძვით ჩვენი საერთო ღირებულებებისთვის, საერთო მომავლისთვის,“ - აღნიშნა თავის მხრივ, მიშელმა.

21 ნოემბერს უკრაინაში ღირსებისა და თავისუფლების დღე აღინიშნება. 2013 წელს პრეზიდენტ ვიქტორ იანუკოვიჩის ხელისუფლებამ შეაჩერა ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების ხელმოწერის პროცესი. 21 ნოემბერს კიევში, თავისუფლების მოედანზე, დაიწყო მასობრივი საპროტესტო აქციები, რომლებიც სხვა ქალაქებშიც გავრცელდა. აქციები 2014 წლის თებერვლის ბოლომდე გაგრძელდა და იანუკოვიჩის რუსეთში გაქცევით დასრულდა. 2013-2014 წლების საპროტესტო გამოსვლებზე ხელისუფლების მიერ ძალის გამოყენებას 100-ზე მეტი ადამიანის სიცოცხლე შეეწირა.