ოკუპირებულ აფხაზეთში პროტესტი მოჰყვა გავრელებულ ინფორმაციას იმის შესახებ, რომ დე ფაქტო ხელისუფლება აპირებს, კერძო ინვესტორს მიჰყიდოს ე.წ. სახელმწიფო აგარაკი „ახალი ათონი“.
როგორც რადიო თავისუფლების პროექტი „ეხო კავკაზა“ წერს, 21 ნოემბერს, საღამოს, ქალაქ ახალი ათონის მცხოვრებთა ჯგუფმა ღობე გაარღვია და აგარაკის ტერიტორიაზე შეიჭრა.
აგარაკი „ახალი ათონი“ დე ფაქტო პრეზიდენტის ადმინისტრაციაში არსებული სახელმწიფო აგარაკების სამმართველოს დაქვემდებარებაშია. დე ფაქტო პრეზიდენტის ადმინისტრაციამ აგარაკის ტერიტორიაზე შეჭრის გამომწვევ ცნობებს ჭორი უწოდა და განაცხადა, რომ „ახალი ათონის“ გაყიდვა არ იგეგმება. ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტის ადმინისტრაციაში მიიჩნევენ, რომ ცრუ ინფორმაციის ავტორთა მიზანი იყო „პროვოკაციული პოლიტიკური აქციის განხორციელება“.
ადგილობრივი მედიის ცნობით, სამართალდამცველებმა სახელმწიფო აგარაკის დაცვა გააძლიერეს. შემთხვევის ადგილზე მივიდნენ აფხაზეთის დე ფაქტო შინაგან საქმეთა მინისტრი რობერტ კიუტი, დაცვის სამსახურის უფროსი დიმიტრი დბარი და ვიცე-პრეზიდენტი ბადრა გუმბა.
ოკუპირებულ აფხაზეთში პროტესტი მოჰყვა დე ფაქტო მთავრობის გადაწყვეტილებასაც ბიჭვინთის ყოფილი სახელმწიფო აგარაკის რუსეთისთვის გადაცემის შესახებ. შესაბამისი შეთანხმება 2022 წლის იანვარში, მოსკოვში გაფორმდა.