თბილისის მერის და ეროვნული ნაკრების ყოფილი ფეხბურთელის, კახა კალაძის შეფასებით, საქართველოს საფეხბურთო ნაკრები კარგ თამაშს აჩვენებს და ბევრი ახალგაზრდა ფეხბურთელიც გამოჩნდა. ამის შესახებ კალაძემ ხვიჩა კვარაცხელიას დისკვალიფიკაციაზე საუბრისას განაცხადა და აღნიშნა, რომ კვარაცხელია დიდი დანაკლისი იქნება, თუმცა ფეხბურთს მხოლოდ ერთი მოთამაშე არ თამაშობს.
„ფეხბურთში ყველაფერი ხდება. ფეხბურთი საინტერესოა იმიტომ, რომ ასეთი რაღაცები ხდება. კვარა, რა თქმა უნდა, დიდი დანაკლისი იქნება ჩვენი ნაკრებისთვის, ის არის ლიდერი გუნდში, ერთ-ერთი წამყვანი ფეხბურთელია, მსოფლიო დონის ვარსკვლავია, თუმცა, ფეხბურთს არ თამაშობს მხოლოდ ერთი ფეხბურთელი, თამაშობს 11 კაცი. მიუხედავად იმისა, რომ კვარა ვერ დაეხმარება ნაკრებს, საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა, ჩვენმა ბიჭებმა ყველაფერი უნდა გააკეთონ იმისთვის, რომ აღნიშნული შეხვედრა წარმატებით ჩაატარონ და გამარჯვება მოვიპოვოთ. მინდა, გულწრფელად გამარჯვება ვუსურვო მათ და დარწმუნებული ვარ, შედეგიც იქნება. მართლაც ვიმსახურებთ ამ ნახევარფინალის მოგებას, რადგან კარგ თამაშს ვაჩვენებთ, კარგი გუნდი გვყავს, ბევრი ნიჭიერი ახალგაზრდა გვყავს,“ - განაცხადა კალაძემ.
ვალიადოლიდში, ესპანეთის ნაკრების წინააღმდეგ, საკვალიფიკაციო რაუნდში მიღებული მესამე ყვითელი ბარათის გამო, ეროვნული ნაკრების მოთამაშე - ხვიჩა კვარაცხელია ევროპის ჩემპიონატის პლეი-ოფის ნახევარფინალურ მატჩს გამოტოვებს.