საქართველოს პრეზიდენტმა დღეს ორბელიანების სასახლეში ახალგაზრდული ორგანიზაციების წარმომადგენლებსა და სტუდენტებს უმასპინძლა, რომლებიც ხელმოწერების კამპანიას ,,ჩვენი ხმა ევროპას“ შეუერთდნენ.
საქართველოს პრეზიდენტმა ახალგაზრდებს სიტყვით მიმართა და ქვეყნის ევროპული ინტეგრაციის პროცესში ახალგაზრდების როლსა და მნიშვნელობაზე ისაუბრა.
„ამ ქვეყნის ევროპული მომავალი არის ის, რაც ჩვენ, ყველას გვაერთიანებს და ერთად ვეცდებით რომ კარი გავუხსნათ მას. ამას ემსახურება ხელმოწერების ეს კამპანია, რომელიც არანაირად არ არის პოლიტიკური კამპანია, ეს არ არის დაკავშირებული რომელიმე პოლიტიკურ პარტიასთან, ან მიმდინარეობასთან. ეს არის მხოლოდ და მხოლოდ ჩვენ ამ ქვეყნის ევროპული მომავლისათვის, რადგან დღეს ჩვენ ყველა კარგად ვგრძნობთ, რომ ჩვენ ამ გზის გადამწყვეტ მომენტში ვართ.
მართალია, ჩვენ ყველა ძალიან გახარებული ვიყავით, როცა კომისიამ 8 ნოემბრის გადაწყვეტილება მიიღო, ეს არის პირველი ასეთი გამარჯვება, მაგრამ ეს არ ნიშნავს, იმას რომ ყველაფერი უკვე გამყარებული და გადაწყვეტილია. ამიტომ თქვენი მობილიზაცია აუცილებელია 15 დეკემბრის გადაწყვეტილებისთვის, რომელიც იქნება უშუალოდ მთავარი გადაწყვეტილება, ევროპული საბჭოს 27 ქვეყნის გადაწყვეტილება, რომელიც ყველას გვჯერა და ვიმედოვნებთ, რომ ასევე დადებითი გადაწყვეტილება იქნება და მგონი, რომ იმის ძალიან დიდი შანსია, მაგრამ არასოდეს უნდა ჩავთვალოთ, რომ გადაწყვეტილება წინასწარ მიღებულია და რაღაცნაირად მოვდუნდეთ. მოდუნების უფლება არ გაგვაჩნია, არც მე და არც თქვენ.
თქვენ ხართ ამ ქვეყანაში მთავარი ძალა და თქვენ უნდა გადაწყვიტოთ როგორი მომავალი გინდათ. გინდათ, რომ ჩვენს ქვეყანას ევროკავშირის წევრი ქვეყნების მსგავსი მომავალი ჰქონდეთ. ეს არ ნიშნავს, რომ იქ ყველა პრობლემა გადაწყვეტილია, რომ ეს არის რაღაცნაირი სამოთხე. ცხადია, ევროპაშიც ბევრი პრობლემაა, ძალიან ბევრი გადაუწყვეტელი საკითხი, მაგრამ ჩვენ ქვეყანას სხვა ალტერნატივა არ გააჩნია, თუ არა ის, რომ იყოს იმ ოჯახში, რომელიც თავისუფალი ქვეყნების, თავისუფალი საზოგადოებების ერთობაა და ვიყოთ იქ, სადაც რეალურად ვიქნებით დაცული ჩვენი პარტნიორების მიერ. ეს ჩვენთვის უალტერნატივოა!
სადაც ჩვენ ვართ ჩვენი ოკუპირებული ტერიტორიებით, ჩვენ სხვა პერსპექტივა არ გაგვაჩნია! ვინმე თუ ხედავს სხვაგან პერსპექტივას, გვითხრან, სად არის ის პერსპექტივა და რატომ უნდა ვენდოთ ასეთ პერსპექტივას.
მე ვიცი, რომ ახალგაზრდები ამას ბევრად უფრო კარგად ხვდებიან, რამეთუ თვითონ იციან, როგორი ცხოვრება უნდათ, რა ღირებულებებით და ისიც იციან, რომ ის, რასაც ზოგიერთი პროპაგანდა გვეუბნება და უნდათ, რომ დავიჯეროთ: თითქოს, ეს ჩვენი იდენტობის დაკარგვა ან რაღაცნაირად გადაგვარებაა - არ არის სწორი.
ჩვენი იდენტობა სწორედ ტოლერანტობა, ჩვენი იდენტობა არის სწორედ თავისუფლება, თავისუფლებისთვის ბრძოლა, ჩვენი იდენტობა მრავალფეროვნებაა, რაც საუკუნეების მანძილზე საქართველოს დამახასიათებელი ნიშანი იყო და ჩვენ თუ გვინდა, რომ ჩვენი იდენტობა იყოს გაძლიერებული, გამყარებული, სწორედ ევროპაა ის სივრცე, სადაც პატარა ქვეყნისთვის ყველაზე მეტი საშუალებაა იმისათვის, რომ ჩვენ ეს იდენტობა გავიტანოთ, სხვებს დავაფასებინოთ და ჩვენც ჩვენი თავი დავაფასოთ.
ჩვენ არ უნდა გვეშინოდეს არაფრის, ჩვენ ჩვენს თავში დაჯერებულნი უნდა ვიყოთ და ესეც სწორედ ისაა, რაც თქვენ ყველაზე კარგად შეგიძლიათ. ეს [ტაში] თქვენ გეკუთვნით, რადგან თქვენ უკვე აჩვენეთ, ის, რაც გინდათ და რისთვისაც მზად ხართ, რომ იბრძოლოთ.
მე ვიტყოდი, რომ გადაწყვეტილებაში, რომელიც კომისიის მიერ იყო მიღებული, თქვენი დიდი წვლილია (არ მინდა ახლა, დავიწყო, ვის რა წილი ეკუთვნის ამ გადაწყვეტილებაში). რომ არა 8 მარტის გამოსვლები, რომ არა ევროპიდან საქართველოში დანახული ევროპული დროშები და რომ არა ეს დიდი თავისუფლების ტალღა, ალბათ, შეიძლება, ცოტა დაფიქრდებოდნენ, არ მიიღებდნენ ამ გადაწყვეტილებას. ამიტომ, დიდი მადლობა თქვენი წვლილისათვის.
მაგრამ ეს ამით არ მთავრდება, თქვენი წვლილი და თქვენი გასაკეთებელი კიდევ ძალიან ბევრია. მადლობა ყველას, რომ ხელი მოაწერეთ ამ პეტიციას, მაგრამ ეს პეტიცია არ არის ჩემი და არ არის ჩემთვის. ეს არის თქვენი პეტიცია და ერთი ხელმოწერა არაფერს არ წყვეტს. თქვენ ეს უნდა გააზიაროთ, მონახოთ ადამიანები, რომლებიც ასევე გააზიარებენ.
აქ მე მგონი 35 ორგანიზაციაა მოსული, თქვენი ორგანიზაციები უნდა იყვენენ ჩართული ამაში, ეს მართლა უნდა გახდეს თქვენი პეტიცია ევროკავშირისადმი, ასევე, 6 უნივერისტეტის და აქ, 7 რეგიონის წარმომადგენლები ხართ. ეს პროცესი ყველგან უნდა გაიშალოს, თუ გვინდა, რომ დავანახოთ, რომ ეს ნამდვილად სრულიად საქართველოს მიმართვაა და არა რაღაც, პრეზიდენტის ინიციატივა, როგორც ეს საწყის ეტაპზე იყო - ახლა ეს თქვენი ინიციატივაა, გადმოგეცით მე ეს თქვენ და თქვენ იცით, ამას როგორ გააცოცხლებთ და კიდევ გაზრდით და ბოლომდე მიიტანთ.
ისიც უნდა ვიცოდეთ, რომ არც 15 დეკემბერს არ მთავრდება ეს გზა. 15 დეკემბერი იქნება ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება, ამ ეტაპისთვის გადამწყვეტი, მაგრამ მერე იწყება, შეიძლება ითქვას, კიდევ უფრო მნიშვნელოვანი ეტაპი. იწყება ის ეტაპი, როცა ჩვენ უნდა ვაჩვენოთ, რომ რეალურად ეს გადაწყვეტილება და ეს სტატუსი, რაც დიდი ალბათობით მოგვენიჭება, ამისი ღირსნი ვართ და ჩვენ სხვანაირად ვერ ვაჩვენებთ ამას, თუ არა იმით, რომ ჩავატარებთ ძალიან ღირსეულ, თავისუფალ და გამჭვირვალე არჩევნებს.
აქ მე პოლიტიკურ განცხადებას არ ვაკეთებ. ეს ყველას სურვილია და ეს ყველამ ერთად უნდა გავაკეთოთ. თუ ამას ვერ გავაკეთებთ, მაშინ ვერ ვიქნებით შემდეგი ეტაპის ღირსი, რომელიც იმ გაწევრიანების მოლაპარაკებების გახსნაა, რომელიც ძალიან რთული და დიდი პროცესია, სადაც ამ საშუალებას დიდი ალბათობით მისცემენ უკრაინას და შესაძლებელია, მოლდოვას უკვე დეკემბერში, მაგრამ ეს ჯერ საბოლოოდ არავინ იცის.
მაგრამ ეს არის ის გზა, რაც სამივე ქვეყანამ უნდა გაიაროს, რაც შეიძლება სწრაფად, რადგან სამივე ქვეყანას დაახლოებით იგივე გამოწვევები აქვს, ჩვენ გეოპოლიტიკურად ძალიან რთულ მდგომარეობაში ვართ.
ცხადია, უკრაინა ბევრად რთულ ვითარებაშია, ვიდრე მოლდოვა, ან საქართველო, მაგრამ ჩვენს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არანაკლებად მძიმე სიტუაციაა და დრო არ ითმენს და ჩვენი ოკუპირებული ტერიტორიებისათვის, (რეალურად არ ჩანს, რომ ვინმეს რამე რეალური სტრატეგია გააჩნია), რეალური გამოსავალი ასევე ევროპაა, ევროპასთან მიერთება და ევროპის გზის გახსნაა. ეს ასევე, მათი გზაა თავისუფლებისკენ და ევროპის ამ გზაზე ჩვენგან უნდა გავიდნენ, ცხადია სხვა საშუალება არ აქვთ.
ამიტომ ეკონომიკა, სოციალური მდგომარეობა, ყველანაირი თავისუფლება, ყველანაირი უსაფრთხოება: დაწყებული სამუშაო ადგილზე უსაფრთხოებით, ძალადობის წინააღმდეგ ადამიანის უფლებების დაცვით - ეს ყველაფერი დევს იმ რეკომენდაციებში, დევს იმ შესასრულებელ ნაბიჯებში, რაც ევროპამდე მიგვიყვანს.
არ არსებობს არცერთი რეკომენდაცია, რომელიც ჩვენთვის არ არის საჭირო და რომ იყოს ისეთი რამ, რაც ჩვენ არ გვინდა, ვერავინ გვაიძულებს და არავინ არ უნდა გვაიძულოს. მე ვფიქრობ და საერთოდ ეს არის ჩემი მიდგომა, რომ ბევრად აქტიურად უნდა ვიყოთ ჩართულნი ამ პროცესში.
ანუ ეს უნდა იყოს ორმხრივი, ეს უნდა იყოს თანასწორი და ამის ყველა საშუალება არსებობს, თუ ჩვენ ვიქნებით ჩართულნი, თუ ჩვენ გვეცოდინება რეალურად რა გვინდა და არ დაველოდებით, რომ ვიღაცამ გვითხრას:- რა გვინდა და რა არ გვინდა. ამიტომ, საზოგადოება ამ შემთხვევაში, ამ ყველაფრის მთავარი აქტორია და საზოგადოება, პირველ რიგში, თქვენ ხართ იმიტომ, რომ ამ საზოგადოების ყველაზე აქტიური, ყველაზე დინამიური ნაწილი თქვენ ხართ. იმ შემთხვევაში და მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ თქვენ ამას აიღებთ თქვენ თავზე.
თუ თქვენ მხოლოდ იმაზე იფიქრებთ, როდის უნდა დატოვოთ ქვეყანა, დაკარგოთ იმედი და წახვიდეთ სხვაგან, მაშინ ეს საზოგადოება თვითონ იქნება უიმედო, რადგან საზოგადოება, რომელშიც ახალგაზრდებს თავიანთი მომავლის იმედი აღარ აქვთ, ის საზოგადოება ძალიან მძიმე დღეშია და ის თავის თავზე ვერაფერს აიღებს.
ვიცი, ყველას აქვს სურვილი, რომ თავისი თავი სადღაც მონახოს, თავისი პერსპექტივა, თავისი თავი განავითაროს და ცხადია, ხშირ შემთხევვაში, ეს ხდება იმით, რომ უნდა გახვიდე საზღვარგარეთ, იქ მიიღო მეტი განათლება, მეტი გამოცდილება - ეს ყველაფერი შესაძლებელია, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ თქვენი ადგილი, თქვენი იმედი და თქვენი პერსეპქტივა ამ ქვეყანაში არ არის.
იგივეს ვიტყვი იმ ახალგაზრდებისთვის, რომლებიც აქ არ არიან და დღეს სწავლობენ და მუშაობენ საზღვარგარეთ, ან დღეს წასულები არიან ცოტა უფრო დიდი ხნით უცხოეთში, მათი მომავალიც აქ არის, სადაც თქვენ ყველაზე უფრო დაფასებულები იქნებით, მე არ ვამბობ, რომ დღეს ხართ, მაგრამ სადაც ყველაზე უფრო დაფასებული, ყველაზე უფრო საჭირო იქნებით არის თქვენი ქვეყანა. დამიჯერეთ, სხვაგან ყოველთვის უცხოელი და ნაკლებად დაფასებულნი იქნებით, ნაკლებად თქვენ ადგილას.
ძალიან წარმატებული ადამიანებიც არიან, რომლებიც სადაც არ უნდა იყვნენ მსოფლიოში იმ სიმაღლეზე არიან, რომელიც უკვე სხვა კატეგორიას განეკუთვნება და ყველას გისურვებთ, რომ მიაღწიოთ იმ მწვერვალებს რომელსაც ზოგიერთმა სპორტსმენმა, მუსიკოსმა და შემოქმედმა მიაღწია. მაგრამ ეს ქვეყანა პატარა ქვეყანაა. ამ ქვეყანას ძალიან სჭირდებით, მოდით და ერთად ვცადოთ, რომ ამ ქვეყანას კიდევ ერთი შანსი მივცეთ!“ განაცხადა ზურაბიშვილმა.
ხელმოწერების კამპანია 8 ნოემბერს საქართველოს პრეზიდენტის ინიციატივით დაიწყო და საქართველოსათვის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მოთხოვნით ევროკავშირის ლიდერებისადმი მიმართვას ითვალისწინებს.
მასში საზოგადოების სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები ერთვებიან და პეტიციაზე ხელმოწერით თავიანთ მხარდაჭერას გამოხატავენ.