შეიქმნას “ქართული სია“, დასანქცირდნენ ოკუპაციის პირობებში საქართველოს მოქალაქეების უფლებების დარღვევაზე პასუხისმგებელი პირები - დებატები ევროპარლამენტში

თამაზ გინტურის მკვლელობისა და ლევან დოთიაშვილის გატაცების შესახებ დებატები ევროპარლამენტში 22 ნოემბერს გაიმართა. ევროპარლამენტარები მოუწოდებენ ევროპულ საბჭოს, შეიმუშავოს ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიის ანალოგი და დაუწესოს ინდივიდუალური სანქციები ყველა იმ პირს, რომლებიც ოკუპაციის პირობებში საქართველოს მოქალაქეების უფლებების დარღვევაზე არიან პასუხისმგებლები.


ევროპარლამენტარმა, ანა ფოტიგამ ამ სიას "ქართული" უწოდა.

„დღეს ჩვენი მოთხოვნაა, შეიქმნას ევროკავშირის სია, სანქციების სია, ოთხოზორია-ტატუნაშვილის მსგავსი, ქართული სია, რომელიც ამ ტიპის ქმედებების დროს სანქციების დაწესების შესაძლებლობას მოგვცემს."

სოციალისტებისა და დემოკრატების პროგრესული ალიანსის წარმომადგენელმა, სვენ მიქსერმა განაცხადა, რომ ადამიანის უფლებების დარღვევაზე პასუხისმგებელი პირების სია საქართველოს მთავრობასთან კონსულტაციით უნდა შემუშავდეს.


„კიდევ ერთხელ მოვითხოვთ ოკუპაციის დასრულებას და საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას...ჩვენ ასევე მეტი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ ადამიანის უფლებათა უშუალო დამრღვევები პასუხისგებაში მიეცნენ. ამ მიზნით, ჩვენ მოვუწოდებთ ევროპულ საბჭოს საქართველოს ხელისუფლებასთან კონსულტაციით შექმნას სია იმ ადამიანებისთვის, რომლებიც პასუხისმგებლები არიან ადამიანის უფლებათა დარღვევაზე და მათ წინააღმდეგ ეფექტიანი, მიზანმიმართული სანქციები დააწესოს,” - განაცხადა სვენ მიქსერმა.

რეზოლუციის ტექსტში ევროპარლამენტარები საქართველოს მოქალაქის, თამაზ გინტურის მკვლელობას გმობენ და საქმის საფუძვლიან გამოძიებას, დამნაშავეების დასჯას და საოკუპაციო ძალების ტყვეობაში მყოფი მოქალაქეების გათავისუფლებას მოითხოვენ. ევროპარლამენტარები ასევე გამოხატავენ მხარდაჭერას ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მიმართ. რეზოლუციის შესახებ კენჭისყრა ევროპარლამენტში დღეს შედგება.