ახალი ამბები
უცხოეთი
ევროპარლამენტარმა პეტრას აუსტრევიჩიუსმა სტრასბურგში, ევროპარლამენტის სესიაზე დებატებისას განაცხადა, რომ რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ ჩადენილ თითოეულ დანაშაულს უნდა მოჰყვეს საერთაშორისო საზოგადოების მხრიდან დაგმობა, სამართლებრივი ქმედებები, ისევე როგორც ევროკავშირის სანქციები მათ წინააღმდეგ, ვინც პასუხისმგებელია ადამიანის უფლებების სერიოზულ დარღვევებზე,
აუსტრევიჩიუსის თქმით, რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიების 20%-ის ოკუპაცია პირდაპირი მტკიცებულებაა ომის დანაშაულისა და საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის დარღვევის.
„რუსეთის საოკუპაციო ძალები აწარმოებენ პროვოკაციების აქტიურ პოლიტიკას, ატერორებენ ადგილობრივ მოსახლეობას, იტაცებენ საქართველოს მოქალაქეებს. 58 წლის თამაზ გინტური, საქართველოს მოქალაქე, რუსეთის საოკუპაციო ძალების უკანასკნელი მსხვერპლია. ის მოკლეს მამის საფლავის მონახულებისას. მასთან მყოფი ლევან დოთიაშვილი კი უკანონოდ დააკავეს“, – აღნიშნა პეტრას აუსტრევიჩიუსმა.
რეზოლუციის ტექსტში ევროპარლამენტარები საქართველოს მოქალაქის, თამაზ გინტურის მკვლელობას გმობენ და საქმის საფუძვლიან გამოძიებას, დამნაშავეების დასჯას და საოკუპაციო ძალების ტყვეობაში მყოფი მოქალაქეების გათავისუფლებას მოითხოვენ. ევროპარლამენტარები ასევე გამოხატავენ მხარდაჭერას ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მიმართ. რეზოლუციის შესახებ კენჭისყრა ევროპარლამენტში დღეს შედგება.