შეიძლება ვთქვათ, რომ დღეს მიმდინარეობს ეკლესიის სიტყვიერი დევნა. ამის დასტურია მუდმივი შეურაცხყოფა, ცილისწამება, რომელიც სასულიერო პირების მისამართით, საჯარო სივრცეში ისმის, - ამის შესახებ პატრიარქის თანამოსაყდრემ, მეუფე შიომ სიონის საკათედრო ტაძარში გიორგობის დღესასწაულთან დაკავშირებით საზეიმო წირვის დასრულების შემდეგ, ქადაგებისას განაცხადა.
„წმინდა გიორგის წამებას, მის ცხოვრებასა და რწმენის საოცარ სიმტკიცეს როცა ვიხსენებთ, გვიპყრობს გაკვირვება, დიდი მოწიწება მის მიმართ, ვინაიდან ვერავითარმა მუქარამ, ვერავითარმა ტანჯვამ, ვერ აიძულა ის, ეღალატა ქრისტეს სარწმუნოებისთვის და უარი ეთქვა ქრისტესა და ეკლესიაზე. და აი, წმინდა ეკლესიაში როცა აღვნიშნავთ ამა თუ იმ წმინდანის ხსენებას, ამით ეკლესია მოგვიწოდებს, რომ ამ წმინდანის ცხოვრებას, მის ღვაწლს მივბაძოთ.
- შეიძლება, ვინმემ თქვას, როგორ უნდა მივბაძოთ დღეს ჩვენ მოწამეებს, როდესაც ეკლესია ფიზიკურად არ იდევნება? მაგრამ, მიუხედავად ამისა, წმინდა მამები გვასწავლიან, რომ დღესაც შესაძლებელია,მოწამებრივი ღვაწლის აღსრულება და მოწამებრივი გვირგვინების მიღება. შეიძლება, დღეს ქრისტიანებს ფიზიკურად არ აწამებენ, მაგრამ, შეიძლება ვთქვათ, რომ დღეს მიმდინარეობს სიტყვიერი დევნა ეკლესიისა. ამის დასტურია მუდმივი შეურაცხყოფა და ცილისწამება, რომელიც ისმის საჯარო სივრცეში სასულიერო პირების მისამართით.
მაგრამ, ამას გარდა, ჩვენ გვტანჯავს ჩვენი სულიერი, შინაგანი ვნებები, რომლებიც მომდინარეობს ჩვენი სხეულიდან, მომდინარეობს ამ წუთისოფლიდან და ჩვენი უხილავი მტრისგან, დემონებისგან. ამიტომაც წმინდა მამები, მაგალითად ისეთი დიდი მამა, როგორიც იყო ღირსი სვიმეონ ახალი ღვთისმეტყველი, ამბობს, რომ ჩვენ ყოველდღეც კი შეგვიძლია მოწამებრივი ღვაწლი აღვასრულოთ და მოწამებრივი გვირგვინი დავიდგათ ქრისტესთვის, ვევნოთ, თუკი ჩვენ შევებრძოლებით ჩვენს ვნებებს, შევებრძოლებით ჩვენს სულიერ მტერს, ეშმაკს და ჩვენს დაცემულ ბუნებას. ასეთ საოცარ სიტყვებს ამბობს ღირსი სვიმეონი.
განა ჯეროვნად ვებრძვით ჩვენს ვნებებს? ხომ არ გვყავს ჩვენც ისეთი კერპები, რომლებსაც ვემსახურებით, ვემორჩილებით და ამით უარვყოფთ ქრისტეს და ვღალატობთ მას. სამწუხაროდ, ასეთი კერპები ჩვენ გვყავს. ეს არის, ვიმეორებ, ჩვენი ვნებები და გვაქვს ასევე კერპთმსახურებაც, ეს არის ამ ვნებების დაკმაყოფილება და წახალისება. რა ვნებებია და რა ცოდვებია ესენი? ესენია: ნაყროვანება, სიმთვრალე, ნარკომანია, სიძვის ვნება, ვერცხლისმოყვარეობა, სიხარბე, აზარტული თამაშები, გაღიზიანება, მრისხანება, სიძულვილი, განკითხვა, სევდა და მოწყინება, ამპარტავნება და სიცრუე და ა.შ. თუ ეს ვნებები და ცოდვები ადამიანის ჩვევაში გადავა, მაშინ ისინი იქცევიან ჩვენი სულის კერპებად და მათი მსახურებით და მორჩილებით ჩვენ ვხდებით კერპთმსახურები. და რადგან არსებობს ასეთი სახის კერპთმსახურება დღეს და, შეიძლება ითქვას, ყველგან ვაწყდებით ასეთ კერპთმსახურებას, და ბატონობს, ასე ვთქვათ, ცოდვის მსახურება, ამიტომ ქრისტიანებიც უნდა იყვნენ მოწამენი დღეს, რადგან მათ უნდა მოაკვდინონ თავიანთი ვნებები, უარყონ და შეეწინააღმდეგონ თავიანთ დაცემულ ნებას, რომელიც, როგორც ამბობს წმინდა პავლე მოციქული, სისხლის და ხორცის წინააღმდეგ კი არ ვიბრძვით, არამედ - ცისქვეშეთის უკეთურ ძალთა წინააღმდეგ. აი, როგორ შეიძლება დღესაც ყველა ნამდვილი ქრისტიანი სისხლის დაუღვრელად გახდეს მოწამე.“